იაგო ხვიჩია - არ ვაპირებთ, აქციებს შევუერთდეთ, უხერხულია ამ ხალხის ტარება აქციაზე ისე, რომ მიზანი, გეგმა არ გაქვს
სწორი სტრატეგია იქნებოდა, რომ პოლიტიკურ პარტიებს უარი ეთქვათ ნებისმიერ აქციაში მონაწილეობაზე, ვიდრე არ შეთანხმდებიან, როგორი იქნება ქვეყანა „ქართული ოცნების“ შემდეგ. ეს იქნებოდა საქმიანი პასუხი ამ ყველაფერზე, რადგან იქნებ, ვინმე ამ დროს მაინც დაფიქრებულიყო, რომ ოპოზიცია საქმეზე ფიქრობსო, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „გირჩი“ არ აპირებს აქციებს შეურთდეს.
„მგონი, ასეთ რამეს არავინ დაუჯერებს, ვიდრე „ნაცმოძრაობა“ არ ამბობს საქმიან სიტყვას – დავიშალეთ. არ ვაპირებთ, ამ აქციებს შევუერთდეთ. სხვასაც ვურჩევთ, მასში მონაწილეობა არ მიიღონ, რადგან უხერხულია ამ ხალხის ტარება აქციაზე ისე, რომ მიზანი არ გაქვს, სათქმელი არ გაქვს, გეგმა არ გაქვს. ჯერ ესენი უნდა მოიფიქრო და ხალხს მხარდაჭერისთვის შემდეგ უნდა დაუძახო. უნდა იცოდე, ადამიანების დახმარება რაში გჭირდება. თუ ეს არ იცი, ადამიანებს ვერ გააგებინებ რა გინდა და ნებისმიერ შემთხვევაში იმედგაცრუებას გამოიწვევ. მგონია, რომ ნიკა გვარამია ტყვე არის, მაგრამ ციხიდან მის გამოყვანას ამის ლაპარაკი არ უშველის. ამისთვის მთავარი ბრძოლის შეწყვეტაა და დაორგანიზებული აქციები ბრძოლის შეწყვეტას კი არ ეხება, არამედ ბრძოლის გამძაფრებას და თან ისეთ დროს, როცა ამის ძალაც არ არსებობს. ეს არასწორი ნაბიჯია. კიდევ ერთხელ ვცდილობ, ეს ადამიანები იმ შეცდომებისგან ვიხსნა, რომლის დაშვებასაც აპირებენ. რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, ეს ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან ლოგიკური შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ ბრძოლას არ წყვეტს. მინდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაშლაზე უფრო მეტი ისაუბროს, ვიდრე პარლამენტის დატოვებაზე“, – განაცხადა ხვიჩიამ.