იაგო ხვიჩია - არ შეიძლება, პოლიციის გადამტერება ოპოზიციონერის ინტერესში იყოს, როცა ამბობ, დაგიჭერთ და ამას გიზამთ, იმას გიზამთო, ეს არის მთავარი „ქოცური“ საქმე, რომელიც ოპოზიციის ხელით კეთდება
როდესაც ამბობ, ყველას დაგიჭერთ და ამას გიზამთ, იმას გიზამთო, ეს არის მთავარი „ქოცური“ საქმე, რომელიც, სამწუხაროდ, ოპოზიციის ხელით კეთდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გუბაზ სანიკიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
იაგო ხვიჩიას თქმით, არ შეიძლება, პოლიციის გადამტერება ოპოზიციონერის ინტერესში იყოს.
„ზღვარის გავლება მიჭირს, სად იწყება „ქოცობა“ და სად მთავრდება ოპოზიციონერობა. არ შეიძლება, ამ სიტუაციაში პოლიციის გადამტერება ოპოზიციონერის ინტერესში იყოს, რასაც არ უნდა აპირებდე – გნებავთ, მშვიდობიან აქციას თუ რევოლუციას. მით უმეტეს, ეს ხალხი შენს მხარეს უნდა იყოს. როცა ამბობ, ყველას დაგიჭერთ და ამას გიზამთ, იმას გიზამთო, ჩემი აზრით, ეს არის მთავარი „ქოცური“ საქმე, რომელიც, სამწუხაროდ, ოპოზიციის ხელით კეთდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა: „პოლიციელებო, გარჩევა არ იქნება, ოფიცერთა კორპუსი, ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან, აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება“.