იაგო ხვიჩია - არ მგონია, გახარია-ხაზარაძის პოლიტიკურ ქორწინებაზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ, ჯერ ისევ არის პოლიტიკური ფლირტაობის პერიოდი და გამორიცხული არ არის, წარმატებით დასრულდეს
არ მგონია, რომ გახარია-ხაზარაძის პოლიტიკურ ქორწინებაზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ, ჯერ ისევ პოლიტიკური ფლირტაობის პერიოდია და არ არის გამორიცხული, ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ამის საფუძველს აძლევს ის, რომ ახლა ორივენი სინანულში არიან.
„მხარეებს როცა ერთმანეთი უნდათ, მაგრამ შუაში ვიღაც ამრევები არიან, ყველაფერი დაძლევადია. ვფიქრობ, „ლელოს“ და გიორგი გახარიას რაღაც პატარამ შეუშალათ ხელი. დაშლის შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს გამოსასწორებელია და ახლა ორივენი ცოტა-ცოტა სინანულში არიან, რაც იმის საფუძველს გვაძლევს, რომ დარჩენილ დროში ეს პოლიტიკური ნიშნობა წარმატებით დასრულდება.
მთელი ეს სიუჟეტი მძლავრი მელოდრამის სცენარით განვითარდა, თავიდან გიორგი გახარია აქტიურობდა და „ლელოსთან“ უნდოდა. „ლელოს“ როგორც სჩვევია, თავი შორს დაიჭირა – „უი, როგორ გეკადრებათო“, დაახლოებით ასეთი კომენტარი ჰქონდათ. შემდეგ საქმეში პრეზიდენტი ჩაება და ნელ-ნელა „ლელოც“ მოლბა, მაგრამ როგორც ასეთ დროს სჩვევიათ, ერთი დღით დაჰკრა ფეხი და პრეზიდენტის სასახლიდან გაქუსლა. ამ პერიოდში გახარიას გადაუნდა და „ლელოს“ მოუნდა. ახლა ამ პროცესში ვართ. მგონია, „ლელოს“ ფული ისეთია, რომ თავიდან მოანდომებს გიორგი გახარიას და ყველაფერი კარგად დასრულდება“, – განაცხადა ხვიჩიამ.