იაგო ხვიჩია - კომიტეტის სხდომას როცა ესწრები და პლენარულს არა, ცოტა უცნაური ბოიკოტია
„ლელოს“ მიერ საპარლამენტო ბოიკოტის გამოცხადების მიზეზი იყო მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის საკითხი. მათ ამ დიად წარმატებას ვულოცავ და მოხარული ვარ, რომ ჩვენი კოლეგები ჩაერთვებიან საპარლამენტო საქმიანობაში, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, არ ჰგონია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტი შეწყვიტოს.
„მიხარია, რომ ჩემი კოლეგები ნელ-ნელა ბოიკოტს წყვეტენ. ეს აჩენს შანსს, რომ საპარლამენტო საქმიანობაც კი დაიწყონ და პარლამენტში რაღაც სხვაც მოხდეს, გარდა „ნაცებისა“ და „ქოცების“ ხელჩართული ჩხუბისა. არ ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს შეწყვეტს. პარლამენტში ხალხის ძალით ტარება და ძალით მუშაობა არ შეიძლება. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ჩემს კოლეგებს პარლამენტში შემოსვლის დღიდან მუშაობა არ უნდათ და სხვადასხვა მიზეზს ეძებენ, რომ პარლამენტში არ იარონ. ეს რაღაცნაირი ტიპის „შატალოა“, რომელსაც ბოიკოტს ეძახიან. როცა კომიტეტის სხდომას ესწრები, პლენარულ სხდომას არა, ეს არ მესმის, რადგან ცოტა უცნაური ბოიკოტია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.