იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა, არავინ არაფერს აშავებდა, აგრესია გამოიწვია პოლიციელების ქმედებამ
პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა, არავინ არაფერს აშავებდა. ხალხი დაძაბა და აგრესია გამოიწვია პოლიციელების ქმედებამ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, პოლიციელები მშვიდობიან აქციის მონაწილეებს უსწორდებოდნენ.
„ხელისუფლებამ უნდა ახსნას, რატომ გალახა ხალხი. როცა ხალხი გალახა, რას იცავდა – პარლამენტის შენობას იცავდნენ, მთავრობას იცავდნენ. ვიდეომტკიცებულებებიც მაქვს, როდესაც ხალხი ჩვეულებრივად დგას, მივარდებიან პოლიციელები და სცემენ. ამით ხელისუფლება საკუთარ თავს პოლიტიკურ სამარეს თავად უთხრის. ვგულშემატკივრობ, რომ რაც შეიძლება ღრმად გათხაროს. ასეთი ამბავი არასდროს არ უნდა ამოძვრეს საფლავიდან. უდანაშაულო ადამიანის ცემა, რომელიც შინაარსობრივად ოკუპაციას აპროტესტებს და არ უნდა ოკუპანტის ხახაში ჩავარდნა, გამოხვიდე და რობოკოპებით სცემო, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, არაფერს რომ არ იცავ ისე, ეს პრაქტიკა რაც შეიძლება ღრმად უნდა დავმარხოთ მიწაში. პოლიციელების დაშავებაც მათი პასუხისმგებლობაა, როცა პოლიციას გამოიყვან საქმეზე, სადაც არაფერი არ ესაქმება. პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა. არავინ არაფერს არ აშავებადა. ხალხი დაძაბა და აგრესია გამოიწვია პოლიციელების ქმედებამ. ამ პოლიციელსაც ის აშავებს, ვინც ასეთი ბრძანება გასცა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ამასთა, იაგო ხვიჩიას შეფასებით, რადიკალიზმს ხელისუფლება ახალისებს.
„ბატონი ბიძინას განცხადება იყო რადიკალიზმის მთავარი წამახალისებელი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. თავისთავად ცხადია, რომ ამას ქვედა დონეზე მოჰყვება ასეთი ტიპის შედეგები. ის ხალხი, ვისაც ფორმა აცვია და აქციაზე დგას, არ არის ჩვენი მოწინააღმდეგე. მათთვის სინამდვილეში ბრძანების გამცემია სამიზნე. ფორმიან ხალხში ბევრი აქციის გულშემატკივარი ვნახე და პირადად ველაპარაკე კიდეც. რომ გითხრათ, ახლა მე ვითხოვ მათ იდენტიფიცირებას, შერცხვენას და ა.შ. – არა. თითოეულ პოლიციელზე რომ ზეწოლა მოვახდინოთ, ამის შემდეგ ბრძანებას არ შეასრულებენ? სინამდვილეში, ბრძანების გამცემებზე უნდა მოვახდინოთ ზეწოლა“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.