იაგო ხვიჩია - აფხაზეთში არიან ადამიანები, რომლებიც იქ დაიბადნენ, სადაც ადრე ქართველები ცხოვრობდნენ, არასწორია, ვინმე თუ მეტყვის, რომ სადაც დავიბადე, ის ადგილი სამართლიანად არ მეკუთვნის
იაგო ხვიჩია - აფხაზეთში არიან ადამიანები, რომლებიც იქ დაიბადნენ, სადაც ადრე ქართველები ცხოვრობდნენ, არასწორია, ვინმე თუ მეტყვის, რომ სადაც დავიბადე, ის ადგილი სამართლიანად არ მეკუთვნის

აფხაზეთში არიან ადამიანები, რომლებიც იქ დაიბადნენ, სადაც ადრე ქართველები ცხოვრობდნენ, არასწორია, ვინმე თუ მეტყვის, რომ სადაც დავიბადე, ის ადგილი სამართლიანად არ მეკუთვნის, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ აფხაზეთთან ურთიერთობის აღდგენის გეგმაზე საუბრისას „გირჩი ტვ“-ს ეთერში განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, „მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი არის კონფლიქტები საკუთრებით თემაზე. მისივე განცხადებით, ერთ მხარეს არიან ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს საკუთრება სრულიად უსამართლოდ და მეორე მხრივ, არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთრება მიიღეს ასევე სრულიად უსამართლოდ“.

„ჩვენ გეგმა უნდა შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობას. აფხაზეთის მოსახლეობას კი არ ვთავაზობთ, გეგმას ვთავაზობთ საქართველოს მოსახლეობას, ვინც აქეთ ვართ. პირველ რიგში, უნდა მივიღოთ ქართველების მხარდაჭერა, რომლებიც ახლა არ ცხოვრობენ აფხაზეთის ტერიტორიაზე. თუ ჩვენ ისეთ წესრიგს მოვიფიქრებთ, რომელსაც შევათანხმებთ ამ ხალხთან, ამ საზოგადოებასთან, რომ ამას ვთავაზობთ აფხაზებს, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია, ეს შევთავაზოთ აფხაზებს. როდესაც ყველანი ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო ისეთი, რომელიც მისაღები იქნებოდა ქართველებისთვისაც და შესაბამისად, თუ ქართველებისთვის იქნებოდა მისაღები, მისაღები ყოფილიყო აფხაზებისთვისაც. ანუ იმ ქართველებისთვის უნდა იყოს მისაღები, რომლებსაც აფხაზების დახოცვა კი არ უნდათ, არამედ პრობლემის მოგვარება უნდათ.

მთავარი ხელშემშლელი ფაქტორია კონფლიქტები საკუთრებით თემაზე. ანუ ერთ მხარეს გვყავს ადამიანები, რომლებმაც იქ დაკარგეს საკუთრება სრულიად უსამართლოდ და მეორე მხრივ, გვყავს ადამიანები, რომლებმაც მიიღეს საკუთრება ასევე სრულიად უსამართლოდ. მაგრამ დღეს იქ არიან ადამიანები, რომლებიც, შეიძლება, თაობა შეცვლილია, იქ დაიბადნენ, სადაც ადრე  ქართველები ცხოვრობდნენ, „იქ თუ დავიბადე, მე სამართლიანად მაქვს მიღებული“ – თუ ვინმე მეტყვის, რომ მე სადაც დავიბადე, ის ადგილი სამართლიანად არ მეკუთვნის, არასწორია, ჩემი აზრით.

უნდა მოვიფიქროთ ისეთი ტიპის წესრიგი, სადაც რაღაცნაირად განეიტრალებული ან შერბილებული იქნება საკუთრებითი დავები ერთმანეთთან, რადგან ეს არის დაუსრულებელი კონფლიქტის წყარო, შენ თუ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან გასაგები პოზიცია არ გაქვს.

ჩვენ ასეთი პოზიცია გვაქვს: არცერთ ქონებას არ ვართმევთ არავის იძულებით, ანუ არცერთ აფხაზთან არ მივდივართ და არ ვეუბნებით, რომ „შენ გამოდი შენი სახლიდან, ეს ქართველების სახლი იყო“. პირიქით, ვამბობთ, რომ ჩვენ ამ ქონებრივი საკითხის გადასაწყვეტად ვენდობით არა ჩვენს სასამართლოს, მურუსიძის სასამართლოს, არამედ ვენდობით აფხაზურ სასამართლოს, ოღონდ ერთი პირობით – დავის განხილვის შემთხვევაში, წაგებული მხარე სახელმწიფო ქონებიდან, რაც არის ტერიტორიის 90%, მიიღებს არანაკლებ, შეიძლება, უფრო მეტის ღირებულების ქონებას, ვიდრე იყო სადავო ქონება.

როგორც უნდა, ისე გადაწყვიტოს აფხაზურმა სასამართლომ ის კონკრეტული საკითხი, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ მეორე მხარეს ანუ „წაგებულ მხარეს“ საკონპენსაციოდ უფრო მეტი ან იდენტური ქონება აქვს, ვიდრე იმას, რაზეც დავობდა. ამით, ჩემი აზრით, ყველა დავა თავისი შინაარსით დაკარგავს დავის მთავარ პრობლემას – კონფლიქტს. წაგებული არავინ არ არის. დავა ჩვენ გვაქვს არა იმიტომ, რომ ერთმანეთს ვეჩხუბებით, არამედ იმისთვის, რომ შევთანხმდეთ. ეს დავა არის მორიგების ადგილი საკუთრებაზე, სადაც არცერთი არაფერს კარგავს თავისი ნების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.