იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შემდეგ პროცესების შესაძლო დაძაბვაზე ეჭვები რომ არ გასჩენოდა, ოპოზიციურ პარტიებს მეტი აქტივობა მართებდათ
იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შემდეგ პროცესების შესაძლო დაძაბვაზე ეჭვები რომ არ გასჩენოდა, ოპოზიციურ პარტიებს მეტი აქტივობა მართებდათ

ოპოზიციონერი დეპუტატის, „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას მოსაზრებით, ოპოზიციურ პარტიებს მეტი აქტივობა მართებდათ, რათა „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შემდეგ პროცესების შესაძლო დაძაბვაზე ეჭვები არ გასჩენოდა.

ჟურნალისტებთან საუბარში იაგო ხვიჩია პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიცია არეულობისთვის ემზადება.

ხვიჩიას თქმით, აგვისტოა და ოპოზიციის წარმომადგენლები ისვენებენ, გადაღლილი პოლიტიკური სეზონის შემდეგ.

„ჩემი კოლეგები გადაიღალნენ, ძალიან მძიმე პოლიტიკური წელი იყო. გადახედეთ, ერთი წლის განმავლობაში რა მოხდა. ეს ადამიანები ამაში მონაწილეობდნენ. ხომ ხვდებით, როგორია მათი ემოციური მდგომარეობა, განტვირთვა აუცილებელი იყო. ჩემი მიზანია, არჩევნების მოგება და მოგებულზე 2 ოქტომბერიც კარგი იქნება, 3 ოქტომბერიც და ასე შემდეგ”, – განაცხადა ხვიჩიამ.

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ოპოზიცია შეგუებულია არჩევნებში გარდაუვალ მარცხს და არა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის არეულობისთვის ემზადება. მისი თქმით, ოპოზიციის მიზნებისა და დესტრუქციული დღის წესრიგის მიუხედავად, წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ, საქმიან გარემოში წარიმართება.