იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან „გირჩი“ მხოლოდ ელენე ხოშტარიას უჭერს მხარს
„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატები ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპირონ.
მისივე განცხადებით, „გირჩის“ მთავარი მიზანი არა მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა, არამედ ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმების მიღწევაა.
„გამოვედით იმ თვალსაზრისით, რომ გაადვილებოდა ოპოზიციას საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება, თბილისში ექვს ოლქზე შეთანხმდნენ ეს ადამიანები და ეს კარგია. თუმცა, მხოლოდ შეთანხმება არ იქნება საკმარისი არჩევნებში გამარჯვებისთვის. ოპოზიცია უნდა შეთანხმდნენ არა მაჟორიტარულ კანდიდატებზე, ანუ ვინ იქნება პარლამენტის წევრი, არამედ იმაზე, როგორი იქნება საქართველო ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. მთავარი მიზეზი, რის გამოც არ გვყავს მაჟორიტარობის კანდიდატი, არის ის, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი არის კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ხვიჩია აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციურმა პარტიებმა მართლმსაჯულების სისტემის შეცვლაზე უნდა იზრუნონ და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებენ „გირჩის“ მხარდაჭერას.
ამასთან, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის „გირჩი“ მხოლოდ ელენე ხოშტარიას უჭერს მხარს.