იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „გირჩმა“ პოლიტიკური ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით კანონპროექტი მოამზადა
იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „გირჩმა“ პოლიტიკური ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით კანონპროექტი მოამზადა

ორშაბათს პარლამენტში შემოვიტანთ პოლიტიკური ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით ჩვენს კანონპროექტს, რომელსაც „ქართული ოცნების“ ვერსიას შევაშველებთ და გამოვცდით, რამდენად გულწრფელია „ოცნება“, როდესაც შედარებას ამერიკულ კანონმდებლობასთან აკეთებს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში ჩანს ანტიამერიკული ბრძოლა ამერიკელებთან, მთავარ მოკავშირეებთან და „ჩვენი ძირითადი ხაზიც ამ თვალსაზრისით იქნება ის, რომ მთავარ პარტნიორთან ბრძოლა არ შეიძლება“.

„ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორშაბათს ლობიზმის, პოლიტიკური ლობიზმის დაშვებობასთან დაკავშირებით ჩვენს კანონპროექტს შემოვიტანთ, რადგან „ქართული ოცნების“ არგუმენტებზე საპასუხოდ ამერიკის ელჩმაც გააკეთა განცხადება, რომ ამერიკული კანონიც სინამდვილეში არის ლობიზმის მარეგულირებელი კანონი და არა ვინმესთან ბრძოლის კანონი. ამიტომ ჩვენ „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ ვერსიას შევაშველებთ ლობიზმის მარეგულირებელ კანონმდებლობას და გამოვცდით, რამდენად გულწრფელია „ქართული ოცნება“, როდესაც შედარებას ამერიკულ კანონმდებლობასთან აკეთებს.

ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ პოლიტიკური ლობიზმი იყოს ლეგალური. როდესაც პოლიტიკური ლობიზმი არის ლეგალური, მაშინ არსებობს კანონები, რომელიც ლობიზმის გამჭვირვალობას ეხება, არა იმიტომ, რომ საკონტროლებელია მეორე, კერძო მხარე, არამედ საკონტროლებელია შენი ხელისუფლება, რომელიც არ შეიძლება, ვინმე ლობისტმა გადაიბიროს. შესაბამისად, საკუთარი ხელისუფლების გამჭვირვალობის მაკონტროლებელ ნორმებს ჩვენ დავეთანხმებით, მაგრამ ჩვენ არ ვეთანხმებით, მეორე, ხალხის მარეგულირებელ ნორმებს“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, რუსულს კანონს იმიტომ ეძახიან, რომ რუსეთში რასაც მიაღწიეს, იყო ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების გაძევება და იმავეს აკეთებენ საქართველოშიც.

„ჩვენ საკუთარ მთავრობას და მის გამჭვირვალობას ამ შემთხვევაში არ ვამოწმებთ, რადგან ზოგადად ლობიზმი აკრძალული გვაქვს და გვინდა მეორე მხარე, ამ შემთხვევაში, ამერიკული ფული გავაკონტროლოთ. ამერიკული ფულის კონტროლი მაშინ, როდესაც რუსული ფულის კონტროლი შეუძლებელია, საბოლოოდ დაგვტოვებს ისე, რომ ამ ქვეყანაში უკონტროლო რუსული ფული იქნება, მაგრამ არ იარსებებს მისი არანაირი ალტერნატივა. რუსულს კანონს იმიტომ ეძახიან, რომ მიზანი, რის გამოც რუსეთში მიიღეს და რასაც მიაღწიეს, იყო ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების გაძევება ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან და იმავეს აკეთებენ საქართველოშიც“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.