იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „გირჩი“ გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას აპირებს
„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „გირჩი“ გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას აპირებს.
ხვიჩიას თქმით, მოლოდინი არ აქვს, რომ დიდად რამე შეიცვლება, თუმცა მიაჩნია, რომ „კანონპროექტი არც რამე განსაკუთრებულს აფუჭებს“.
„ჩვენ ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა არ გვაქვს დიდი მოლოდინები, რომ ამით რამე განსაკუთრებული შეიცვლება. უბრალოდ ეს კანონპროექტი არც რამე განსაკუთრებულს აფუჭებს. ზოგადად, დიდად ყურადსაღები ამ კანონპროექტში არ არის, მაგრამ ასევე ჩვენ გვჭირდება გაგრძელებები. გაგრძელებებზე უფრო მშვიდად რომ მივიდეთ და თანამშრომლობის მეტი სურვილი გააჩნდეს ყველა მხარეს, ჩვენც მხარს ვუჭერთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ცვლილებები ასევე შარლ მიშელის შეთანხმებითაა გათვალისწინებული და ჩვენ ამ შეთანხმების ხელმომწერი მხარე ვართ.
სხვებისგან განსხვავებით, იქიდან არ გამოვსულვართ. შესაბამისად, მის მოთხოვნებს და სულისკვეთებას ვუერთდებით. როგორც ვიცი, „ნაცები“ და „ქოცები“ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერენ, მიუხედავად იმასა, რომ მაინცდამაინც აღფრთოვანებული ამ კანონით არც ერთი არ არის. თუ მართლა მათი მხარდაჭერა იქნება, საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ, თუ არა და შესაძლოა, პროექტი ჩავარდეს, მაგრამ რომ გითხრათ, ამის გამო ქვეყანა დაიქცევა-მეთქი, არც მაგაში ვიქნები მართალი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.