იაგო ხვიჩია - 2024 წლის არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობა“ განადგურებული უნდა იყოს, არც ახლაა მისგან რამე დარჩენილი, ეს ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მუმია, რაც საპატიოდ უნდა დავკრძალოთ
იაგო ხვიჩია - 2024 წლის არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობა“ განადგურებული უნდა იყოს, არც ახლაა მისგან რამე დარჩენილი, ეს ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მუმია, რაც საპატიოდ უნდა დავკრძალოთ

2024 წლის არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობა“ განადგურებული უნდა იყოს. არც ახლაა მისგან რამე დარჩენილი. ეს ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მუმია და ეს მუმია საპატიოდ უნდა დავკრძალოთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, არავის სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში კლავენ და აწამებენ.

„მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან თუ წავიდა, ის ციხეში არ დაბრუნდება. „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის გაშვება აწყობს და ახლა ისინი ყველაფერს იზამენ, რათა სააკაშვილი გაუშვან და ამით „ნაციონალური მოძრაობა“ – მათი მტრის ხატი განადგურებას გადაარჩინონ. მე მიხეილ სააკაშვილის გაშვების წინააღმდეგი ვარ, ვიდრე ქოც-ნაცური დაპირისპირება არსებობს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში მართალია, ვიდრე ბრძოლა არ დამთავრებულა, არც ხელი ჩამოურთმევიათ, მანამდე უაზრობად მეჩვენება. მგონია, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ აწყობს და თვითონ გაათავისუფლებს ძალიან მალე, როცა აღმოაჩენს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ წარმოადგენს საფრთხეს და სააკაშვილი გარეთ არის საჭირო. 2024 წლის არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობა“ განადგურებული უნდა იყოს. არც ახლაა მისგან რამე დარჩენილი. ეს ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მუმია და ეს მუმია საპატიოდ უნდა დავკრძალოთ. არავის სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში კლავენ და აწამებენ. სააკაშვილი თავად რისკავს საკუთარი ჯანმრთელობით. ის არის მებრძოლი, უბრალოდ, ციხეშია და იქიდან იბრძვის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩიას თქმით, „საქართველოს ხელისუფლება დასავლურ თამაშს არ თამაშობს“.

„მან, რაღაც თვალსაზრისით, პრორუსული პოზიციების გულშემატკივრობა აირჩია. არც ოპოზიციაში და არც მედიაში არ არის დალაგებული მდგომარეობა. ამას ხელისუფლება იყენებს იმისთვის, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი წმინდა წერილი არ იყოს და დასაშვები გახდეს დისკუსია, გვინდა თუ არა დასავლეთისკენ. ამას ვერავინ გაბედავდა, რომ არა შექმნილი მდგომარეობა, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში დატრიალდა, ფაქტობრივად, სამარცხვინოდ იქცა მიტინგზე გასვლა. ჩემი აზრით, გამოსავალი არის ხალხში. პოლიტიკოსებმა, მედიამ თავი უნდა დავანებოთ არარსებული ჯარის გენერლობას. ხალხი კი არ გვეპატიჟება აქციაზე, ჩვენ ვეპატიჟებით სულ. ყველა დაიღალა ამ დაპატიჟებით. ხალხმა თუ მეტი პასუხისმგებლობა არ აიღო საკუთარ თავზე, ჩვენ ჯადოქრები კი არ ვართ“, – განაცხადა ხვიჩიამ.