იაგო ხვიჩია - 20 ოქტომბერს მარიხუანას ლეგალიზების ფესტივალი უნდა მოვაწყოთ და ქვეყნის რეალობაში ასეთი დღე უნდა დამკვიდრდეს
20 ოქტომბერს მარიხუანას ლეგალიზების ფესტივალი უნდა მოვაწყოთ და ქვეყნის რეალობაში ასეთი დღე უნდა დამკვიდრდეს, – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.
„მარიხუანას მოხმარების უფლება საკონსტიტუციო სასამართლომ დაგვიბრუნა და ამ რეალობაში ჩვენი უფლების რეალიზაცია ჩვენ თვითონ უნდა მოვახდინოთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისი თქმით, ეს ფესტივალი საზოგადოებას, მათ შორის, შეშინებულ ნაწილს ყველაზე ნათლად აჩვენებს, რაზეა საუბარი, ასე გავეშებით რას ვებრძვით და ასეთ დროს სწორი გამოსავალი რა იქნება.
„სხვა გამოსავალი არ გვაქვს, რადგან არჩევნების შემდეგ ამის შანსი ნაკლებია.არჩევნებამდე ნებისმიერ საკითხზე ბევრად მეტი უსაფრთხოება გვაქვს და პრეზიდენტობის კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს არ დაიჭერენ. ღმერთმა ნუ ქნას, მოხდეს იმის შესრულება, რასაც პარტიები მარიხუანაზე გვპირდებიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
როგორც პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, ხელისუფლებამ ბოლომდე ვერ გარისკა, ეთქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სწორად კითხულობს და კანონპროექტის სახით, ნახევარფაბრიკატი შემოგვთავაზა, რაც ასეთ დროს უარესია.