იაგო კაჭკაჭიშვილი - მსოფლიოში აღიარებულ კომპანიებს არ აქვთ რესურსი, ჰყავდეთ თავიანთი ინტერვიუერთა კორპუსი და ინფორმაციის აკრებას ადგილობრივი კომპანიების საშუალებით ახორციელებენ
მსოფლიოში აღიარებული კომპანიები არ არიან იმ რესურსის მქონე, რომ ჰყავდეთ თავიანთი ინტერვიუერთა კორპუსი, ვინც ინფორმაციას ველზე კრებს და უშუალოდ ინფორმაციის აკრებას ადგილობრივი კომპანიების საშუალებით ამიტომ ახორციელებენ, – განაცხადა სოციოლოგმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
„საერთაშორისო აღიარებულ კომპანიებს აქვთ ძალიან სუსტი მექანიზმი იმისთვის, რომ საველე სამუშაოების მონიტორინგი განახორციელონ და პრაქტიკულად, არც ახორციელებენ. ამიტომ, ენდობიან ადგილობრივ კომპანიებს, რომლებიც კვლევას ატარებენ. ადგილობრივი კომპანიები კი, სავსებით შესაძლებელია, წყალს რომელიმე პოლიტიკური ძალის წისქვილზე ასხამდნენ და საველე სამუშაოებს ისე წარმართავდნენ, რომ ეს ტენდენციური, მიკერძოებული იყოს“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
ამ განცხადებით იაგო კაჭკაჭიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, უღირთ თუ არა მსოფლიო სახელის მქონე, გამოცდილ და რენომირებულ კომპანიებს თავიანთი სახელის გაფუჭება რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გარიგებად.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, აღიარებული საერთაშორისო კომპანიები, მაგალითად, GFK და Edison Research, რომლებიც საქართველოში კარგა ხანია მუშაობენ, რატომ ირჩევენ საველე სამუშაოებისთვის იგივე ადგილობრივ ორგანიზაციებს და რატომ პარტნიორობენ იგივე მედია საშუალებებთან, რომლებსაც არჩევნების რეალურ შედეგებთან აცდენა ერთხელ უკვე მოუვიდათ, იაგო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ ეს მისთვისაც გამოცანაა.
როგორც იაგო კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, მცდარი და არაობიექტური მონაცემების მიღებაში არანაკლები წილი უჭირავს არაპროფესიონალიზმს და იმას, თუ რამდენად თავისუფალი, არაავტორიტარულია სოციალური გარემო და რამდენად ახდენს ის მოქალაქეების პროვოცირებას, რომ თავიანთი არჩევანი გულწრფელად გაამჟღავნონ.
მისივე თქმით, კვლევის შედეგებზე ეს სამივე ფაქტორი მოქმედებს და შესაბამისად, სამივე ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია, ხოლო კონკრეტული კვლევის შემთხვევაში გადამწყვეტი რომელი ფაქტორია, ეს სპეციალური კვლევის საგანია.