ია მეტრეველი - სააკაშვილის შეწყალება დაუშვებელია, მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, არ დაუშვათ შეცდომა, თორემ იცოდეთ, ჩვენ არ გავჩერდებით, დღე და ღამე აქ ვიდგებით
ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება დაუშვებელია.
ია მეტრეველმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეცდომა არ უნდა დაუშვას.
ია მეტრეველის თქმით, სიცოცხლის ბოლომდე იბრძოლებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს დაბრუნდეს ხელისუფლებაში.
„სააკაშვილის გათავისუფლება, მისი შეწყალება ყოვლად დაუშვებელია. აქ დგანან ადამიანები, ვიდრე აქამდე მოვედი, ყველა მიყვებოდა თავის გასაჭირს, რა გადაიტანეს მათ, ოჯახი არ დარჩენილა, ვისაც სააკაშვილის ხელი არ შეხებოდა, ის ტირანია არ შეხებოდა, რაც მაშინ ტრიალებდა ჩვენს ქვეყანაში. გაგვანადგურა სააკაშვილმა, ერთადერთი შვილი მომიკლა და მასთან ერთად დამარხულია მთელი ჩემი ოჯახი, დედაჩემი, ჩემი დები, ვერავინ ვერ ვხარობთ, მას შემდეგ სიცოცხლე დაგვიმთავრდა და, საუბედუროდ, ჩემნაირი რამდენია. უკვე აღარც ძალ-ღონე შემწევს, მაგრამ სიცოცხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში სააკაშვილისნაირი ბოროტება არასდროს მოვიდეს და „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც წარმოადგენს დიდ ბოროტებას, საშინელ მტერს ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ვერასდროს დაბრუნდეს ხელისუფლებაში. მე აქ ამ წუთას ბატონი იური ვაზაგაშვილის, ქალბატონი ირინა ენუქიძის მაგივრადაც ვსაუბრობ. მე დავრჩი ცოცხალი, რადგან ვერ მოასწრეს ჩემი მოკვლა, თორემ ესეც უნდოდათ. მე მათ ვაჟღერებ ამ წუთას, ისინი რომ ყოფილიყვნენ დღეს, ამდენს კიდევ ვერ გაბედავდნენ. იმიტომაც გაისტუმრეს სასწრაფოდ ირინაც და ბატონი იურიც. მინდა, მათ ხსოვნას პატივი მივაგოთ და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, რომ საშინელ ვითარებაში ვიცხოვრეთ მთელი ამდენი წელი, როდესაც იყო ტერორი და საშინელი ტერორიზმი ჩვენს ქვეყანაში სააკაშვილის რეჟიმის მიერ. ტირილამდე მეცინება ხოლმე, როცა გამოდიან ეს თავხედები და იძახიან, რეჟიმი არის ქვეყანაშიო და ციხეებში, სადაც ფუფუნებაში ზის ხალხი, თვითონ სააკაშვილი როგორ ფუფუნებაშია. კიდევ ბედავენ, ამდენს ლაპარაკობენ და ხმას იღებენ. მადლობა თქვას, რომ იმ ციხეში არ არის, რაც თვითონ შექმნა ამ საზიზღარმა ბოროტებამ, რასაც სააკაშვილი წარმოადგენს. მინდა, კიდევ მივმართო ქალბატონ სალომეს: ქალბატონო სალომე, არ დაუშვათ ასეთი შეცდომა, თორემ იცოდეთ, ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდგებით დღე და ღამე აქ, ჩვენი შვილების, სააკაშვილის ხელით დახოცილთა სულებს თუ გადაუვლით“, – განაცხადა ია მეტრეველმა.