ია მეტრეველი - ქართველი ხალხი არ დაუშვებს, დაბრუნდეს ჯალათების ხელისუფლება, რომელიც ძლივს მოვიშორეთ
ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე არ მივიდნენ, „ნაციონალების“ მომხრე ნამდვილად არ არიან და ღმერთმა დაგვიფაროს, იყვნნ, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მათი უმეტესობა საღად მოაზროვნეა. ისინი ფაქტის წინაშე დადგნენ და თვითონაც გაკვირვებული არიან. ნამდვილად იგრძნობა, რომ ხალხმა არჩევნებზე მისვლის აუცილებლობა გააცნობიერა. არჩევნებზე აუცილებლად მივა ყველა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან დიდი პროცენტით დავამარცხებთ“, – განაცხადა მეტრეველმა.
მისი თქმით, საზოგადოება საგანგებო ვითარებაშია, რადგან ასეთ შედეგს არ ელოდა და რევანშის საფრთხე ნამდვილად არსებობს.
„კარგად გვახსოვს, რაც გამოვიარეთ – ამდენი გამწარებული და გაუბედურებული ადამიანი, ამდენი გაუპატიურებული კაცი და ციხეში სასტიკად ნაწამები ამდენი ადამიანი, ამდენი ქონებაწართმეული და შვილმოკლული. მათი საშინელი ქმედებების გამო, უამრავმა ადამიანმა თვალის ჩინი დაკარგა, რადგან მათ თვალები დათხარეს და უამრავი ნაწამები ახალგაზრდა ეტლში ზის. ეს ხალხი იმას აღარ მოითმენს და ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ დაბრუნდეს ჯალათების ხელისუფლება, რომელიც ძლივს მოვიშორეთ“, – განაცხადა ია მეტრეველმა.