ია მეტრეველი - ხელისუფლებამ კარგად გააცნობიერა, რატომ არის ხალხი ნაწყენი და ვფიქრობ, ამ ორ წელიწადში ნაბიჯებს რადიკალურად შეცვლიან
როცა საქმე ქვეყნის გადარჩენაზეა, პირადი აუცილებლად უკან უნდა გადაწიო და ყოველგვარი წყენა დაივიწყო, – განაცხადა ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„თუ ვინმე განაწყენებული უნდა იყოს, ჩვენ უნდა ვიყოთ, გაუბედურებული ოჯახები, რადგან ჩვენთვის სამართალი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ პირადული უკან გადავდეთ“, – განაცხადა მეტრეველმა.
მისი თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა იმას ემსახურება, რომ გამოფხიზლდნენ ადამიანები, რომლებიც არსებულ ხელისუფლებაზე სამართლიანად არიან განაწყენებული.
„ამწუთას, ისეთ ვითარებაში ვართ, ყველაფერი უნდა გადავდოთ, რა თქმა უნდა, დროებით. 2020 წლამდე წინ კიდევ ორი წელიწადი გვაქვს. ხელისუფლებამ კარგად გააცნობიერა, რატომ არის ხალხი ნაწყენი და ვფიქრობ, ამ ორ წელიწადში ნაბიჯებს რადიკალურად შეცვლიან“, – განაცხადა მეტრეველმა.
როგორც ია მეტრეველმა აღნიშნა, მაშინ, როცა ხელისუფლების შესაცვლელად მიტინგებზე იდგნენ, ყოველთვის ჰქონდათ აზრი, შეექმნათ სახალხო მოძრაობა, რომელიც ხელისუფლების მაკონტროლებელი იქნებოდა, რათა ახალ ხელისუფლებას იგივე გადაცდომა არ მოსვლოდა და ახლა საჭიროა, ისეთი მოძრაობა შეიქმნას, რომელიც ხელისუფლებას შეცდომების გამეორების საშუალებას აღარ მისცემს.
„ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. უკვე დღეს ძალიან კარგი ნაბიჯები გადაიდგა, როცა სოციალურად დაუცველების დახმარება დაანონსდა, რასაც მივესალმები. ამაზე ხშირად მისაუბრია, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელი იყო, რადგან ადამიანები ელემენტარულ სამუშაოზე უარს ამბობდნენ, რათა სოციალური დახმარება არ დაკარგვოდათ. რაც მთავარია, დაიხურა კანაფის კულტივაციის თემა და მივესალმები იმას, რომ ხალხის აზრი გაითვალისწინეს“, – განაცხადა ია მეტრეველმა.