ია მეტრეველი - დიდ იმედს ვიტოვებ, რომ 30 აპრილს რესპუბლიკის მოედანზე იქნება ქუდზე კაცი, ეს ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
ია მეტრეველი - დიდ იმედს ვიტოვებ, რომ 30 აპრილს რესპუბლიკის მოედანზე იქნება ქუდზე კაცი, ეს ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

30 აპრილს აუცილებლად უნდა მოვიდეთ რესპუბლიკის მოედანზე და უნდა მოვიდეთ ძალიან ბევრი, – ამის შესახებ 30 აპრილის აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ია მეტრეველმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

ია მეტრეველმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რისთვის უნდა მივიდნენ ადამიანები 30 აპრილს აქციაზე და რა არის მათი მთავარი სათქმელი.

როგორც მეტრეველმა აღნიშნა, საზოგადოებას მოთხოვნა არის მშვიდობა, წინსვლა, განვითარება და ხალხი არ დაუშვებს ომს. მისი თქმით, შეკრების მიზანი მთელი მსოფლიოსთვის საზოგადოების ხმის გაგონებაა.

„ჩვენი იქ მისვლის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეს იქნება არა როგორც პოლიტიკური მიტინგი, არამედ ჩვეულებრივად უნდა შევიკრიბოთ და დავანახოთ ჩვენს ე.წ. მეგობრებს, რას ვფიქრობთ. ბოლო დროს მათგან გაჟღერებულ ისეთ ფაქტებს შევეხეთ, რომ ეს უკვე აღარ არის მეგობრობა, როდესაც სხვა ქვეყანა გიბრძანებს ისეთ რაღაცას, რაც შენთვის მიუღებელია, რაც შენს თვითმყოფადობას უშლის ხელს და, ფაქტობრივად, ასე გამოდის, უნდა, რომ ეს გაქრეს. დღეს ძალიან რთული ვითარებაა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, რადგან მსოფლიოში მიდის ძალიან რთული პროცესები. ამ პროცესებში ჩვენ როგორმე უნდა გადავრჩეთ; როგორმე უნდა გადავლახოთ ეს რაღაც პერიოდი, წელიწადი იქნება თუ თვეები, უნდა გავძლოთ და რამენაირად გადავიაროთ. ჩვენ ომის საშიშროების წინაშე ვიდექით და ახლაც არის ეს საშიშროება, თუმცა კიდევ კარგი, რომ ეს ხელისუფლებაა ახლა და ხელისუფლებაში არ არიან ის ძველი კრიმინალური წარმომადგენლები, „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი, თორემ აქ ბომბების ცვენა იქნებოდა და დღეს საქართველო უკვე, ფაქტობრივად, აღარ იქნებოდა. ქვეყანა წარმოუდგენელი საშიშროების წინაშე იდგა და მადლობა, რომ ხელისუფლება ნამდვილად ახერხებს და ჯერჯერობით ვართ მშვიდ ვითარებაში. ჩვენი შეკრების მიზანი სწორედ ეს არის, რომ ჩვენ არ გვინდა ომი და ხალხი ამას არ დაუშვებს. ამ შეკრებაზე საზოგადოება გამოდის და ეს არის საზოგადოების ხმის გაგონება მთელი მსოფლიოსთვის, რომ როდესაც ვიღაც ადამიანები, „ნაციონალები“ და ა.შ., გამოდიან და საუბრობენ სადღაც შევარდნებზე და სხვებს ათასგვარ იარლიყებს აწებებენ, ეს არ არის საქართველო. ამიტომ ხალხის სახელით ნუ ლაპარაკობენ ეს კრიმინალები. აი, ამიტომ ვიკრიბებით, რათა ვთქვათ, რომ ხალხი დგას აქ, მთელი საქართველო, საღად მოაზროვნე ნაწილი, ანუ უმეტესობა. მადლობა უფალს, რომ ისინი უმცირესობაში არიან და ქვეყანას ასეთი მტრები ბევრი არ ჰყავს. რეალურად, საზოგადოება დგას ერთად და საზოგადოების მოთხოვნა არის მშვიდობა, წინსვლა, განვითარება“, – განაცხადა მეტრეველმა.

მისი თქმით, ქართული საზოგადოება ვერავის მისცემს უფლებას, რომ „ხაზი გადაგვისვან.“

„ქვეყანა და სახელმწიფო თუ ვართ, ეს უნდა შევძლოთ და დავანახოთ, რომ ჩვენ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა ვართ, რისთვისაც ამდენი წელი ვიბრძოდით“, – განაცხადა მეტრეველმა.

ია მეტრეველმა ასევე აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც საზოგადოება მართლაც საშინელ ვითარებაში იყო და პოლიტპატიმრების თუ სხვა საკითხებზე სტრასბურგის სასამართლოში უამრავი დოკუმენტაცია ჩაჰქონდათ, აშშ-დან თუ სხვა ქვეყნებიდან ისეთი განცხადებები არ ახსენდება, რაც დღეს კეთდება.

„მართლაც რომ საშინელ ვითარებაში ვიყავით და იმ საშინელი რეჟიმის პერიოდში რაც ჩვენ ქვეყანაში ხდებოდა, ამაზე რეაქცია არ ჰქონდათ, მე არ მახსენდება მათი რეაქცია და ახლა იცავენ ამათ და გამოხატავენ შეშფოთებას? 12 პუნქტის შესრულებას რომ გვთხოვენ და ერთ-ერთი პუნქტი დეპოლარიზაციაა, შერიგება და პატიება, რა თქმა უნდა, უნდა იყოს, ქრისტიანული ქვეყანა ვართ, თუმცა ვის უნდა შევურიგდე, როდესაც ოდნავი სინანული და მონანიება არ დაგვინახავს იმ კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებისგან? ეს კი არა, ყველაფერზე მიდიან და ყველაფრისთვის არიან მზად, ომით დამთავრებული, ოღონდ, აქ დაიქცეს ყველაფერი და ხელისუფლებაში მოვიდნენ. ამისთვის ყველაფერს აფუჭებენ და ყველაფერზე არიან წამსვლელი, ოღონდ კი ხელისუფლება დაიბრუნონ. ამათთან შერიგებას რომ მთხოვ, რანაირად უნდა შევურიგდეთ ერთმანეთს, ძალიან საინტერესოა, როდესაც მათ არანაირი სინანული არ აქვთ და აქეთ შეტევაზე გადმოდიან?“ – განაცხადა მეტრეველმა.

ამასთან, ია მეტრეველმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ადამიანთა რაღაც ჯგუფები მუდმივად საუბრობდნენ მთელი საზოგადოების სახელით მაშინ, როდესაც საზოგადოების უმრავლესობა აბსოლუტურად განსხვავებულად ფიქრობს და 30 აპრილს შეკრება სწორედ იმას ემსახურება, რომ საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვას.

„დიდ იმედს ვიტოვებ, რომ 30 აპრილს, 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე იქნება ქუდზე კაცი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავალი თაობისთვის“, – განაცხადა ია მეტრეველმა.