ია მეტრეველი - ჩვენ გვექნება კონტროლი ხელისუფლებაზე, არასდროს გავჩუმდებით და აღარ მივიღებთ კოაბიტაციას, ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა
ია მეტრეველი - ჩვენ გვექნება კონტროლი ხელისუფლებაზე, არასდროს გავჩუმდებით და აღარ მივიღებთ კოაბიტაციას, ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა

ჩვენ გვექნება კონტროლი ხელისუფლებაზე, არასდროს გავჩუმდებით და აღარ მივიღებთ კოაბიტაციას, ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა რუსთაველის გამზირზე, სახალხო მოძრაობის „არა ნაციზმს“ აქციაზე განაცხადა.

„ჩვენ მთელი ცხრა წელი ერთად ვიბრძოდით და თითქმის ერთი ოჯახივით ვართ. ახლა მოდიან​ გამძვინვარებულები, გავეშებულები, სისხლმოწყურებულები​, რომ როგორმე რევანშით დაიბრუნონ ქვეყანა და მერე სისხლში ჩაგვახრჩონ. ხომ გახსოვთ, ძალისმიერად ისე უნდოდათ დაეშინებინათ ქვეყანა, რომ ხმის ამომღები აღარავინ ყოფილიყო. სწორედ ასე გაისტუმრეს იური ვაზაგაშვილი, რომელიც შვილის საფლავზე დააკლეს, რადგან ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელსაც ვერასდროს შეგვაშინებდნენ ​და ვერც ახლა შეგვაშინებენ“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

აქციაზე ია მეტრეველმა მოსახლეობას მოუწოდა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

„მინდა, მოგიწოდოთ, ნუ დაჯდებით სახლში. ვიცი, რომ ნამდვილად ხართ სამართლიანად განაწყენებული არსებულ ხელისუფლებაზე, მეც გულნატკენი ვარ, მაგრამ მხოლოდ ის მინდა, ქვეყანაში მშვიდობა იყოს და შვილებს აღარ გვიხვრეტდნენ ქუჩაში, ბუტას მეგობრებმა ბედნიერად ისეირნონ თბილისის ქუჩებში. ეს თბილისი ისევ ჩვენ გვეკუთვნოდეს და არა „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც „დუბინკებით“ გვისწორდებოდნენ, მიტინგებიდან ბავშვებს იტაცებდნენ, კლავდნენ და სასტიკად არბევდნენ. გაიხსენეთ, რა დღეში ვცხოვრობდით. არ შეიძლება იმ რეჟიმის დაბრუნება.

მინდა, მოვუწოდო მათ, ვინც სახლში დარჩა და არჩევნებზე არ მოვიდა. თბილისს მოვივლი და ყველას შევეხვეწები, რომ არ დაეზაროთ იქ მისვლა. პირადი წყენა ყველამ უკან უნდა გადავდოთ. მე უკვე მომიკლეს შვილი და თქვენს შვილებს მიხედეთ. არ ვიცით, ვისი შვილი იქნება შემდეგი. ჩვენ ერთ მუშტად უნდა შევიკრათ. მეორე ტურში დიდი გამარჯვებით უნდა დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ ბევრად მეტნი ვართ. მათი პროცენტი გამოჩნდა, მოსახლეობის 20 პროცენტი. ეს 20-იც კი არ არის, რადგან გამოწრთობილები არიან, კარგად გააყალბეს და ხმები მოიპარეს,“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ ფიქრობს და არ იზიარებს იმ ბოროტებას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს.

„მთავარია, ახლა გავიმარჯვოთ და მერე იცოდეთ, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ხელისუფლებას კარგი სილა გააწნა საზოგადოებამ. უკვე გააცნობიერეს, რომ ასე ვეღარ გააგრძელებენ, ყველაფერი შეიქმნება უკეთესობისკენ, მე ამის მჯერა. ჩვენ გვექნება კონტროლი ხელისუფლებაზე. არასდროს აღარ გავჩუმდებით და აღარ მივიღებთ კოაბიტაციას. ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა. ბიძინა ივანიშვილმაც თქვა ამის შესახებ და პირობა დადო. მჯერა, რომ ეს ადამიანი არ ცრუობს, ის არის გულწრფელი. ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვა. ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი და შემდეგ მოვითხოვოთ, რომ ეს ბოროტების სიმბოლო – „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პოლიტიკური პარტია აღარ არსებობდეს, რადგან ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ჩვენმა ქვეყანამ. სანამ ეს პარტია პოლიტიკაში იქნება, სიმშვიდე არ გვიწერია. გაიხსენეთ, ცეცხლად და ხანძრად აქციეს მთელი საქართველო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხანძრები მათ მიერ ხელოვნურად მოწყობილი იყო. იცოდეთ, ყველა ბოროტების სათავე არის მიშა სააკაშვილი. მისი გეგმით მომდინარეობს ყველაფერი. მოგიწოდებთ, არ დაუშვათ ახლიდან ქვეყანაში ფაშიზმი, სისხლიანი რეჟიმი, დაიცავით ჩვენი თავისუფლება და თქვენი შვილების სიცოცხლე“, – განაცხადა ია მეტრეველმა.