Hurriyet - ანკარას რკინიგზის სადგურთან თავდასხმაში ეჭვმიტანილი საქართველოში გადასვლას ორჯერ ცდილობდა
2015 წელს ანკარას რკინიგზის სადგურთან განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ძებნილი პირი, საქართველოში გადასვლას ორჯერ ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Hurriyet-ი თურქეთის იუსტიციის სმაინისტროზე დაყრნდობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ნუსრეთ ილმაზი საქართველოს პოლიციამ 2017 წელს საზღვარზე დააკავა და მისი თურქეთში დააბრუნა, თუმცა ორი დღის შემდეგ, მან საქართველოს ტერიტორიაზე გადასვლას კვლავ სცადა.
„როდესაც ნუსრეთ ილმაზი 2017 წლის შუა პერიოდში სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში შესვლას ცდილობდა, საქართველოს პოლიციამ გამოავლინა, რომ მასზე გაცემული იყო დაკავების ორდერი და მისი ექტსრადირება განახორციელა, თუმცა ორი დღის შემდეგ, ეჭვმიტანილმა კვლავ სცადა საქართველოში შესვლა სარფის გამშვები პუნქტიდან და საქართველომ ის არ მიიღო“, – ნათქვამია თურქეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ ანკარას მთავარ პროკურატურაში გაგზავნილ წერილში, რომელიც პირველი თებერვლით თარიღდება.
თურქეთის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ილმაზი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
2015 წლის 10 ოქტომბერს ანკარაში რკინიგზის სადგურთან მომხდარ აფეთქებებს 109 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტზე ბრალი „ისლამური სახელმწიფოსთან“ დაკავშირბულ 36 პირს წაუყენეს. 2016 წლის 5 აპრილს თურქეთის პროკურატურამ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი ნუსრეთ ილმაზის დაკავების ორდერი გასცა. მას ბრალად ედება შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფების წევრობა. თურქული მედიის ცნობით, ილმაზი დღემდე ძებნაში იმყოფება.