ჰუმანიტარული კრიზისის დაწყების შემდეგ ვენესუელაში „წითელი ჯვრის“ ჰუმანიტარული დახმარება პირველად ჩაიტანეს
ჰუმანიტარული კრიზისის დაწყების შემდეგ ვენესუელაში „წითელი ჯვრის“ ჰუმანიტარული დახმარება პირველად ჩაიტანეს

ჰუმანიტარული კრიზისის დაწყების შემდეგ პირველად ვენესუელაში „წითელი ჯვრის“ ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. კარაკასში ჩასული საერთაშორისო კომიტეტის ტვირთი მედიკამენტებს და სხვა სამედიცინო ნივთებს შეიცავს.

რამდენიმეთვიანი უარყოფის შემდეგ, გასულ კვირას ნიკოლას მადურომ ჰუმანიტარული დახმარების მიღებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა. საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ ამას ნიკოლას მადუროს რეჟიმთან ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად მიაღწია.

გაეროს მონაცემებით, ლათინური ამერიკის სახელმწიფოში მოსახლეობის თითქმის მეოთხედს გადაუდებელი სამედიცინო დამხარება სჭირდება. საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, ამ მაჩვენებლიდან 3,7 მილიონი მოსახლე სამედიცინო მედიკამენტებს სისტემატიური შიმშილობის გამო საჭიროებს. მათი 22 პროცენტი კი, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები არიან.

2019 წლის დასაწყისიდან ვენესუელა მძაფრ პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისს განიცდის. ნიკოლას მადუროს მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავებიდან ერთი დღის შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. მალევე ოპოზიციონერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ოპოზიციონერ გუადოს ლეგიტიმურობას რიგი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველოც აღიარებს.