ჰუმანიტარული დახმარების სახით, შვედეთი უკრაინას დამატებით 23 მილიონ დოლარს გამოუყოფს
ჰუმანიტარული დახმარების სახით, შვედეთი უკრაინას დამატებით 23 მილიონ დოლარს გამოუყოფს, – ამის შესახებ დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში – „უკრაინისთვის“ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა. შვედეთის ლიდერი პოლონეთში მიმდინარე კონფერენციის ერთ-ერთი თანამასპინძელია.
როგორც მაგდალენა ანდერსონმა უკრაინის დონორთა კონფერენციაზე განაცხადა, უკრაინას სასწრაფო სჭირდება ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერა, ასევე სამხედრო აღჭურვილობა.
„ჩვენ აქ შევიკრიბეთ უკრაინის ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად. ეს ხალხი განიცდის უზარმაზარ უსამართლობას და ტანჯვას. მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო 11 წლის ილიას, ოდესელი ბიჭუნას სიტყვებით, რომლებიც მანდ „იუნისეფს“ უთხრა: „მე მეშინოდა. მე მესმოდა აფეთქებები. ნებისმიერ დროს რაკეტა შესაძლებელი იყო, მოხვედროდა ჩემს სახლს და ყველა დაიღუპებოდა“. ეს არის მრავალი ჩვენებიდან მხოლოდ ერთ-ერთი. ეს არც ერთმა ბავშვმა არ უნდა გამოსცადოს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი, ფართომასშტაბური აგრესიის დაწყების შემდეგ, ევროპა აღარ არის იგივე. მსგავსი მონაყოლი უკრაინიდან გვახსენებს ყველაზე საშინელ მომენტებს ევროპის ისტორიაში, სისასტიკეებს, რომლებიც გვეგონა, აღარავინ გამოსცდიდა. ბატონო პრემიერ-მინისტრო შმიგალ, ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი უდიდესი აღტაცება უკრაინელი ხალხის სიმამაცისადმი და მე მთელი გულით ვარ ყველა უკრაინელთან, რომელიც იტანჯება ამ ომის გამო. ჩვენ მადლობლები ვართ, რომ დღეს აქ იმყოფებით და პრეზიდენტი ზელენსკი ვირტუალურად შემოგვიერთდება. როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა, უკრაინა მოიგებს ამ ომს და ჩვენ ვიდგებით თქვენ გვედით. დღეს ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს კოლექტიურ სოლიდარობას უკრაინელი ხალხისადმი. მოხარული ვარ, რომ ერთად ჩვენ შეგვიძლია, განვახორციელოთ ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა“, – განაცხადა ანდერსონმა.
ამასთან, მან ასევე ისაუბრა უკრაინისადმი კონფერენციის მასპინძელი ქვეყნის, პოლონეთის ხელისუფლებისა და მოსახლეობის მხარდაჭერაზე, ასევე უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე.
პოლონეთში, დონორთა საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.