უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოთჩი“ (Human Rights Watch) საქართველოსთან დაკავშირებით მასალას აქვეყნებს.
მასალის მიხედვით, „საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ წარმოუჩენია, რომ ატარებს ეფექტიან გამოძიებას სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების თაობაზე. ამ თავდასხმებისთვის დაუსჯელობა რისკია შემდგომი პოლიტიკური ძალადობისა და არასტაბილურობის წასახალისებლად 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ“.
„აპრილის მიწურულიდან ივნისის ჩათვლით უცნობი თავდამსხმელები ძალადობრივად თავს დაესხნენ ათობით აქტივისტს, რაც ბევრ შემთხვევაში თავისა და სახის დაზიანებებით დასრულდა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროება დადგა. თავდასხმების უმეტესობა ჩადენილი იყო თავდამსხმელთა მცირე ჯგუფების მიერ საზოგადოებრივ ადგილებში, მოწმეებისა და ვიდეოკამერების სიახლოვეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ ფორმალურად დაიწყო გამოძიება, უმეტეს შემთხვევაში მათ არ გამოუვლენიათ და არ დაუკავებიათ ეჭვმიტანილები. არსებობს შემაშფოთებელი ნიშნები, რომ ისინი არ ატარებენ საჭირო საგამოძიებო ქმედებებს პასუხისმგებელი პირების მართლმსაჯულებაში მისაცემად.
დაზარალებულთა უმეტესობა პროტესტს გამოხატავდა „უცხოელი აგენტის“ შესახებ კანონის წინააღმდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 2024 წლის აპრილში წარადგინა და ექვსი კვირის შემდეგ მიიღო“, – აღნიშნულია მასალაში.
აქვე ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო კანონს, მაგრამ მმართველმა პარტიამ ვეტო 28 მაისს გადალახა.
„აქტივისტების, დამოუკიდებელი მედიისა და ხელისუფლების კრიტიკოსების შევიწროებისა და დაშინების წესი დაუსჯელი თუ დარჩება, არსებობს რისკი, რომ ეს უბიძგებს ძალადობის ესკალაციისკენ საქართველოში მომავალი არჩევნების წინ“, – განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჰიუ უილიამსონმა.
აქვე აღნიშნულია, რომ Human Rights Watch-მა დოკუმენტურად ასახა ექვსი ასეთი თავდასხმა თბილისში ხუთი პირის წინააღმდეგ.
„Human Rights Watch-მა გამოკითხვა დაზარალებულები, მათ ადვოკატები და გადახედა სამართლებრივ დოკუმენტებს, სამედიცინო ანგარიშებს, რამდენიმე სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერს და თავდასხმების ამსახველ სხვა ვიდეომასალას, რომლებიც საჯაროდაა ხელმისაწვდომი; მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრსა და გენერალურ პროკურორს გამოძიების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. პროკურატურამ 19 აგვისტოს უპასუხა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს თავდასხმებს და ჯერჯერობით არ დაწყებულა სისხლისსამართლებრივი დევნა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შემოღებამ გამოიწვია ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მშვიდობიანი პროტესტი საქართველოში, არის არაერთი სანდო ანგარიში პოლიციის მიერ დარბევისას ძალის გაუმართლებელი გამოყენების შესახებ. „ქართული ოცნების“ პარტიის ლიდერებმა საჯარო განცხადებებში ნათლად გამოხატეს, რომ აპირებენ კანონის გამოყენებას იმ ჯგუფებისა და მედიის წინააღმდეგ, რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობას, მხარს უჭერენ ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების (ლგბტ) უფლებებს ან ეწევიან სხვა საქმიანობას, რომელიც აღიზიანებს ხელისუფლებას.
კანონის საბოლოო მიღებამდე სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტები, მათ შორის ფიზიკური თავდასხმების მსხვერპლნი, გახდნენ შევიწროებისა და დაშინების აშკარად კოორდინირებული კამპანიის სამიზნეები. ისინი და მათი ოჯახების წევრები იღებდნენ განმეორებით მუქარისა და შეურაცხყოფის შემცველ სატელეფონო ზარებს უცნობი პირებისგან. მიმდინარეობდა კამპანიები პლაკატებით, რომლებზეც გამოსახული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები, მათ უწოდებდნენ მოღალატეებს და სახელმწიფოსა და ეკლესიის მტრებს. საქართველოს ხელისუფლებამ სწრაფად, საფუძვლიანად და ეფექტურად უნდა გამოიძიოს ძალადობრივი თავდასხმები, პასუხისგებაში მისცეს პასუხისმგებელი პირები, საჯაროდ და ცალსახად დაგმოს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა. დაუსჯელობა მთავრობის კრიტიკოსებზე თავდასხმებისთვის ცხად სიგნალს გზავნის, რომ ხელისუფლება მხარს უჭერს პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას, როდესაც ეს მათ ინტერესებს ემსახურება. ხელისუფლებას შეუძლია, თავიდან აიცილოს ამ სიგნალის გაგზავნა სწრაფი, საფუძვლიანი და ეფექტური გამოძიებების ჩატარებით“, – ნათქვამია „ჰუმან რაითს ვოთჩის“ მასალაში.