ჰუბერტ ქნირში - ვსაუბრობთ ყველა დემოკრატიულ, მშვიდობიან პოლიტიკურ ძალასთან
საპარლამენტო ფრაქცია „ჩვენი საქართველო-დამოუკიდებელი დეპუტატებისა“ და პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ ლიდერები საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდნენ.
როგორც ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, შეხვედრაზე ელჩს იმ დარღვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რაც 31 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე ხდებოდა.
მისივე თქმით, ელჩთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ არჩევნების შედეგებს არ სცნობენ, თუმცა ოპოზიციის პროტესტს არ უერთდებიან.
„ელჩს გავაცანით ჩვენი პოზიცია, რომ პარტია აპროტესტებს შედეგებს, მაგრამ არ უერთდება საპროტესტო აქციას. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული სიტუაციიდან სხვა ალტერნატიული გზები უნდა იქნება მოძიებული და ვფიქრობ, დიპლომატიურმა კორპუსმა კიდევ უფრო მეტად აქტიური როლი უნდა შეასრულოს მიმდინარე პროცესის როგორც შეფასებაში, ასევე შესაძლო გამოსავლის და გზების ძიებაში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, შეხვედრაზე მოისმინა საპარლამენტო ფრაქციის წევრების მოსაზრებები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.
„მქონდა შეხვედრა „სოლიდარობის ალიანსის“ საპარლამენტო ჯგუფთან. ჩვენ ვმუშაობთ და ვსაუბრობთ ყველა დემოკრატიულ, მშვიდობიან პოლიტიკურ ძალასთან. არჩევნებთან, საარჩევნო პროცესის ხარვეზებთან დაკავშირებით მოსაზრებები და პერსპექტივები გავუზიარეთ ერთმანეთს და შევთანხმდით, რომ ასეთი ხარვეზების აღმოფხვრა ყველა პარტიამ ერთობლივად უნდა მოახდინოს“, – განაცხადა ელჩმა.