საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ევროკავშირის საბჭოში გერმანიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობასთან“ თანამშრომლობა გერმანიის თავმჯდომარეობის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.
„აღმოსავლეთ პარტნიორობასთან“ და მის თითოეულ წევრთან თანამშრომლობას აუცილებლად ექნება მნიშვნელოვანი ადგილი გერმანიის თავმჯდომარეობის დღის წესრიგში. როდესაც აღვწერთ ევროპის როლს მის ფარგლებს გარეთ, უპირველეს ყოვლისა, ვსაუბრობთ მეზობლებზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ აღმოსავლეთ და სამხრეთ პარტნიორები თანაბრად იყვნენ წარმოდგენილნი პროგრამაში. თუმცა „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ ვითარება განსაკუთრებულია, რადგან აქ წარმოდგენილი არიან ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ევროკავშირში გაწევრიანების ამბიცია და ეს არის აღიარებული; ასევე, არიან ქვეყნები, რომლებსაც არა მხოლოდ აქვთ ამბიცია, არამედ ამ მხრივ პროგრესს აღწევენ და ჩვენთან მუშაობენ. ევროკავშირის მხარდაჭერა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისადმი ძლიერია, განსაკუთრებით კი, საქართველოსადმი. თუ შეხედავთ ქვეყნის სიდიდეს და ევროკავშირისგან მიღებულ დახმარების ოდენობას შეადარებთ, საქართველოზე ყურადღების კონცენტრირება ნათლად ჩანს. ევროკავშირს შეაქვს წვლილი ასევე „კოვიდ-19“-ის კრიზისის გამოწვევების გადალახვაში. საბოლოოდ, ქვეყანა უფრო ახლოს არის ევროკავშირთან“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.
ქართულ მედიასთან შეხვედრისას გერმანელმა დიპლომატმა ჩამოთვალა ის საკითხები, რომლებიც პრიორიტეტული იქნება ევროკავშირის საბჭოში გერმანიის თავმჯდომარეობის დროს. ამ საკითხებს შორის მთავარი „კოვიდ-19“-ის პანდემიის და მისი შედეგების გადალახვაა.
„შემიძლია გითხრათ, თუ რა იქნება გერმანიის თავმჯდომარეობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. ნათელია, რომ ეს, უპირველეს ყოვლისა, იქნება „კოვიდ-19“-ის პანდემიის დაძლევა. ჯანდაცვის სფეროში ამ გამოწვევის დაძლევა და ცხოვრების ნორმალური პირობების აღდგენა, მათ შორის, მიმოსვლასთან დაკავშირებით, უნდა მოხდეს პასუხისმგებლიანად, რათა თავიდან იყოს აცილებული პანდემიის მეორე ტალღა. ეს არის პირველი და უმთავრესი გამოწვევა. ამის შემდეგი გამოწვევაა პანდემიის ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებზე რეაგირება. პანდემიამ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა განსაკუთრებით დააზარალა და ამასთან დაკავშირებით რამე უნდა გაკეთდეს. კანცლერმა ანგელა მერკელმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეს გამოწვევები უნდა გადაილახოს ევროპული სოლიდარობით. სწორედ ამიტომ, ანგელა მერკელი და პრეზიდენტი მაკრონი გამოვიდნენ ხუთი მილიარდი ევროს ოდენობის აღდგენის ფონდის შექმნის ინიციატივით. 17 ივნისს ევროპული საბჭოს წევრები შეიკრიბებიან, რათა საბოლოოდ მიაღწიონ კომპრომისს აღდგენის ფინანსურ პაკეტზე. ეჭვი არ მეპარება, მას დაამტკიცებენ, თუმცა მისი სტრუქტურა ჯერ კიდევ განხილვის საკითხია. ზოგიერთი წევრი სახელმწიფო მიიჩნევს, რომ თანხა უნდა გაიცეს სესხების სახით, თუმცა გერმანია და საფრანგეთი გამოდიან ინიციატივით, რომ თანხა ფონდიდან უნდა განაწილდეს გრანტებად, რადგან ბევრ წევრს უკვე ისედაც აქვს დიდი სახელმწიფო ვალი“, – აღნიშნა დიპლომატმა.
სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შორის ჰუბერტ ქნირში კლიმატურ ცვლილებებს და ციფრულ ტრანსფორმაციას ასახელებს.
„საიდუმლო არ არის, რომ თავმჯდომარეობის პროგრამის კიდევ ერთ მნიშვნელოვანი საკითხი კლიმატური პოლიტიკაა. მიზანია, რომ ევროკავშირი კლიმატისადმი უფრო მეტად მეგობრული გახდეს. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ჩვენი მთავრობა ყურადღებას ამახვილებს, არის ციფრული ტრანსფორმაცია. ჩვენ ყველამ ვიხილეთ, რომ „კოვიდ-19“-ის კრიზისის დროს ადამიანები ბევრ სფეროში ციფრულ ტექნოლოგიებზე გადავიდნენ, განსაკუთრების სწავლისას. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ციფრული ინფრასტრუქტურა ევროპაში“, – აღნიშნა ელჩმა.
ჰუბერტ ქნირშის თქმით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მსოფლიოში ევროპის როლის გაძლიერება ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად დაასახელა.
„კიდევ ერთი საკითხია მსოფლიოში ევროპის გაძლიერება. ეს თემა საინტერესოა საქართველოსთვისაც. მსოფლიოში გაძლიერება არ ნიშნავს აუცილებლად სამხედრო კუთხით გაძლიერებას და უფრო მეტი ძალის გამოყენებას საერთაშორისო დონეზე. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპა და ევროპული სულისკვეთება ზეწოლის ქვეშ არის ექსტრემისტული ჯგუფების, დეზინფორმაციის, ავტორიტარული მთავრობების მხრიდან. ვფიქრობ, საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ამის შესახებ ბევრი რამ იცის და შეუძლია, წვლილი შეიტანოს თავისი გამოცდილებით. ჩვენი მიზანია, ამ ყველაფერს წინააღმდეგობა გავუწიოთ, როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა.
გერმანელი დიპლომატის თქმით, ევროპის როლის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან თანამშრომლობასაც გულისხმობს.
„ევროკავშირში ბევრია გასაკეთებელი. პირველი ამოცანაა „კოვიდ-19“-ის კრიზისის გადალახვა ევროპული სოლიდარობით, რათა რეაგირება მოვახდინოთ პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებზე. ევროკავშირის საბჭოში გერმანიის თავმჯდომარეობის პროგრამის ერთი მნიშვნელოვანია ნაწილი მსოფლიოში ევროპის გაძლიერება. ამ კონტექსტში ევროპა უნდა გავაძლიეროთ ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებთან ერთად. ვიმუშავებთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მოსამზადებლად, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება და ამ პროცესში საქართველო ძალიან გამორჩეულ ადგილს დაიკავებს“, – განაცხადა ქნირშმა.
ამასთან, ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, რომ თავად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი გაიმართება უკვე ევროკავშირის საბჭოში პორტუგალიის თავმჯდომარეობის დროს.
თავმჯდომარეობის ცვლილება ევროკავშირის საბჭოში ექვსთვიანი როტაციით ხდება. გერმანია საბჭოს თავმჯდომარე პირველი ივლისიდან გახდება.
ჰუბერტ ქნირში აღნიშნავს, რომ თავმჯდომარეობა არის ფორმალობა, რომელიც ქვეყანას განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ევროკავშირში არ ანიჭებს.