ჰუბერტ ქნირში - ბათუმის კონფერენციაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი და გამოწვევა განვიხილეთ
ჰუბერტ ქნირში - ბათუმის კონფერენციაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი და გამოწვევა განვიხილეთ

კარგია ყურადღების ფოკუსირება შავი ზღვის რეგიონის, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებაზე, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

ჰუბერტ ქნირში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობდა, რომელიც დღეს ბათუმში გაიხსნა.

„ჩემთვის პატივი იყო საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა. დღეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი და გამოწვევა განვიხილეთ. მონაწილეებს შორის არის კონსენსუსი, რომ აღნიშნული საკითხები არ ეხება მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებას და ჩვენ მათზე რეაგირებისას ერთიანი უნდა ვიყოთ. ეს კონფერენცია უნიკალურია, რადგან აერთიანებს ძალიან ბევრ მონაწილეს ევროატლანტიკური ქვეყნებიდან, ასევე სომხეთიდან, უკრაინიდან და რუსეთის სხვა ბევრი მეზობელი ქვეყნიდან. კარგია ყურადღების ფოკუსირება შავი ზღვის რეგიონის, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ჰუბერტ ქნირშმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას (GDSC) მასპინძლობს. რიგით მე-13 კონფერენცია ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ტარდება. ღონისძიება დღეს გაიხსნა და ხვალ დასრულდება.