ჰუბერტ ქნირში - მოხარული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ დაეთანხმა დანიელსონის გეგმას, რომლის პუნქტები წარმოადგენს კარგ ნაბიჯებს დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის შემდგომი განვითარებისათვის
საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, მოხარულია, რომ „ქართული ოცნება“ დაეთანხმა კრისტიან დანიელსონის გეგმას.
მისივე თქმით, ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობა ყველა მხარეს აძლევს შანსს, ღირსეულად შეთანხმდნენ და შემდეგ პოლიტიკური პროცესი სხვისი დახმარების გარეშე გააგრძელონ.
ელჩის შეფასებით, ყველა ძალამ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა.
„მოხარული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ დაეთანხმა დანიელსონის გეგმას. გეგმის ცალკეული პუნქტები კარგ ნაბიჯებს წარმოადგენს საქართველოში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის შემდგომი განვითარებისათვის. ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობა ყველა მხარეს აძლევს შანსს, ღირსეულად შეთანხმდნენ და შემდეგ პოლიტიკური პროცესი სხვისი დახმარების გარეშე გააგრძელონ. ყველა ძალამ, რომელსაც სურს, შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლისა და მისი ევროპული გზის წინაშე, ახლა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“, – აცხადებს ჰუბერტ ქნირში.
„ქართული ოცნებამ“ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.