ჰუბერტ ქნირში - დარწმუნებული ვართ და ვიცით, რომ საქართველო ახორციელებს საერთაშორისო სანქციებს, საქართველოს მეშვეობით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა შეუძლებელია
ჩვენ დარწმუნებული ვართ და ვიცით, რომ საქართველო ახორციელებს საერთაშორისო სანქციებს და საქართველოს მეშვეობით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა შეუძლებელია, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ჩვენ გვქონდა საუბრები საქართველოს მთავრობასთან, ვუსმენთ საჯარო გამოსვლებს და გვქონდა პირდაპირი შეხვედრები მათთან. დარწმუნებული ვართ და ვიცით, რომ საქართველო ახორციელებს საერთაშორისო სანქციებს და საქართველოს მეშვეობით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა შეუძლებელია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვაგრძელებთ ერთად მუშაობას ამ მიმართულებით.
ასევე ვხედავთ, რომ საქართველო მხარს უჭერს სხვა ქვეყნების პოზიციებს. მსოფლიო საზოგადოებაში, გაერო-ში, საქართველო არის ერთ-ერთ, რომელიც ჩვენთან ერთადაა და მუშაობს, რათა გაძლიერდეს საერთაშორისო კონსენსუსი უკრაინისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“,- განაცხადა ელჩმა.
ქნირშის თქმით, ის, რაც უკრაინაში ხდება, არ არის საფრთხე მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საფრთხეა ევროპის მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის.
„ვხედავთ ქმედებებს, რომელიც ხორციელდება უკრაინაში და ეს არ არის საფრთხე მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საფრთხეა ევროპის მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა ძლიერად დგას და იღებს საჭირო დახმარებებს საერთაშორისო საზოგადოებისგან. ყოველდღე ვხედავ, რომ გაერო, ნატო, ევროკავშირი განიხილავენ გზებს, თუ როგორ დაუჭირონ მხარი უკრაინას. გერმანია გადასცემს იარაღს უკრაინას – ეს არის ის, რაც აქამდე არ გაგვიკეთებია. სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ყოველდღიურად უფრო ძლიერი ხდება“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა.