ჰუბერტ ქნირში - ჩემი აზრით, ევროპის მოედანზე შეკრებილი ადამიანები გზავნილს უგზავნიან პოლიტიკურ ძალებს, თუ რა სურს ხალხს
ჩემთვის, როგორც ევროკავშირის წევრის ქვეყნის ელჩისთვის, მნიშვნელოვანია იმის ხილვა, რომ ქართველები გამოდიან დღეს საღამოს, ქვეყნის ევროპული გზის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ევროპის მოედანზე განაცხადა.
როგორც ქნირშმა აღნიშნა, მისი აზრით, აქ შეკრებილი ადამიანები გზავნილს უგზავნიან პოლიტიკურ ძალებს, თუ რა სურს ხალხს, ეს ეხება მხოლოდ ევროპას და არა სხვა საკითხებს.
„ეს არ არის არც მთავრობის და არც ოპოზიციის შეკრება, ეს არ არის რამის მხარდამჭერების ან მოწინააღმდეგეების შეკრება. მე ვესაუბრე რამდენიმე ადამიანს, ისინი ძალიან მტკიცედ უჭერენ მხარს ევროკავშირს. მათ სურთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და როგორც მესმის, ამას ელოდებიან პოლიტიკური პარტიებისგან“, – განაცხადა ქნირშმა.
კითხვაზე, რა მოლოდინები აქვს საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭების კუთხით, ელჩმა აღნიშნა, იმედია, ევროკავშირის საბჭოზე ლიდერების შეკრების შემდეგ, საქართველო მიაღწევს პროგრესს ევროპულ გზაზე.
„არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება დიდი, თუ უფრო პატარა ნაბიჯი. მაგრამ იმედი მაქვს, რომ პროგრესი იქნება. ხალხის მხარდაჭერითა და პოლიტიკური ძალების, მთავრობისა და ოპოზციის სრული ჩართულობით, საქართველო შეძლებს მთელი გზის გავლას და გახდება ევროკავშირის წევრი“, – აღნიშნა ელჩმა.
კითხვაზე: „რას ფიქრობთ ოპოზიციური პარტიების მიერ სხვა დღეს დანიშნულ აქციებზე, ხომ არ არის ეს პოლარიზაციის მაგალითი და თუ აპირებთ ამ აქციებზე მისვლას“, ელჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, დღევანდელი შეკრება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ის მხოლოდ და მხოლოდ ამ საკითხს ეძღვნება.
„ცხადია, ჩვენ შევხედავთ ყველაფერს, რაც მოხდება. სხვა დემონსტრაციებიც არის ნების და მხარდაჭერის გამოხატულება. თუმცა, დღეს ჩვენ ვხედავთ წმინდა ევროპულ განზრახვებს, ხოლო სხვა ღონისძიებები იქნება შერეული სხვა პოლიტიკურ საკითხებთან“, – განაცხადა ქნირშმა.