ჰუბერტ ქნირში - ახლა არის დრო ძალისხმევის გაძლიერებისთვის, რათა საქართველოსა და ევროპას შორის ბიზნეს და ეკონომიკური კავშირები განმტკიცდეს, გერმანია დიდ ძალისხმევას გასწევს, რათა ამ პროცესმა წინ წაიწიოს
ახლა არის დრო ძალისხმევის გაძლიერებისთვის, რათა საქართველოსა და ევროპას შორის ბიზნეს და ეკონომიკური კავშირები განმტკიცდეს. გერმანია დიდ ძალისხმევას გასწევს, რათა ამ პროცესმა წინ წაიწიოს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით გამართულ მრგვალ მაგიდაში, სახელწოდებით – „ახალ სავაჭრო პარტნიორებთან თანამშრომლობის პერსპექტივები არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე“.
„ეს მრგვალი მაგიდა ორგანიზებულია ბიზნესპალატის მიერ. ჩვენ დავინახეთ, რომ ქართული ბიზნესი კარგად არის ინფორმირებული სიტუაციის შესახებ. მათ იციან რისკ-ფაქტორების შესახებ, რომლებიც მოსალოდნელია; აქტიურად ეძებენ გზებს, რათა შეამცირონ ეს ეფექტი და განამტკიცონ ქართული ეკონომიკა. ერთ-ერთი გზა ამის მისაღწევად არის ევროკავშირის ბაზრებზე წვდომის უკეთესი გზების მოძიება, რათა მეტი ქართული პროდუქტი გადიოდეს ექსპერტზე ევროპაში. ახლა არის დრო ძალისხმევის გაძლიერებისთვის, რათა საქართველოსა და ევროპას შორის ბიზნეს და ეკონომიკური კავშირები განმტკიცდეს. როგორც საქართველო, ისე ევროკავშირი და მათ შორის, ჩემი ქვეყანა – გერმანია დიდ ძალისხმევას გასწევს, რათა ამ პროცესმა წინ წაიწიოს“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.
ამასთან, შეკითხვაზე, არის თუ არა ქართული ბიზნესი მზად ევროპასთან ვაჭრობისთვის, გერმანიის ელჩმა აღნიშნა, რომ ბევრი ქართული ბიზნესი უკვე ვაჭრობს ევროკავშირთან და ზოგიერთი სფეროში ეს პროცესი ძალიან კარგად მიდის.
„ჩვენ ვნახეთ რომ 2006 წელს, როდესაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე ემბარგო დააწესა, რეალურად, დაიწყო ქართული ღვინის ექსპორტი ევროკავშირში. ღვინის ლაბორატორია დაფუძნდა, რამაც ეს შესაძლებელი გახადა. ეს მოდელი უნდა იყოს გამოყენებული სხვა სფეროებშიც“, – განაცხადა ქნირშმა.
შეკითხვაზე, რა ნაბიჯებიც გადადგა საქართველომ ბოლო წლებში, ეს საკმარისია თუ არა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ქნირშმა განაცხადა: „მე ვიცი, რომ ყველა ქართველის ძალიან დიდი სურვილია, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და იყოს ნამდვილი ევროპული ქვეყანა ცხოვრების ევროპული სტანდარტით, ევროპული სამუშაო ადგილებით და ევროპული განათლებით. ყოველივე ეს კი, მოითხოვს დამატებით ძალისხმევას. ეს ვერ გაკეთდება ბრიუსელში. ეს უნდა გაკეთდეს აქ, საქართველოში, და ამას სჭირდება დრო; მაგრამ ძალიან კარგია იმის გაგება, რომ ამ ძალისხმევის გაწევა აუცილებელია, ახლა იზრდება და ადამიანები ფიქრობენ გზებზე, თუ როგორ შეიძლება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება და ჩვენ ამას, როგორც პარტნიორები, სრულად მხარს დავუჭერთ“.
ამასთან, ქნირშმა უპასუხა შეკითხვას უკრაინის საელჩოს წარმომადგენლის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, საქართველოს თუ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, უნდა შეუერთდეს ევროპულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და მისივე თქმით, ასეთია ევროპარლამენტისა და ევროკავშირის რეკომენდაცია.
„ევროკავშირი ეპატიჟება ასოცირებულ სახელმწიფოებს, შეუერთდნენ მის მიერ დაწესებულ სანქციებს. რას ნიშნავს ეს საქართველოს შემთხვევაში, ანუ რა შეუძლია და უნდა გააკეთოს საქართველომ, არის დისკუსიის საგანი, რომელსაც ვაწარმოებთ საქართველოს მთავრობასთან. მე ველოდები, რომ ეს დისკუსია წინ წაიწევს და გამოიღებს შედეგს უახლოეს დღეებში“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.