მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაცია. სამართალდამცველ უწყებას ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ, დაწყებული უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი სრული კონტროლის ქვეშ იყო. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოროდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო. მადლობა შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, სუს-ის უფროს გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ მართლაც უპრეცედენტო ღონისძიებაში იყო ჩართული.
„მინდა, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან 2012 წლის ოქტომბერში გამარჯვების შემდეგ გააკეთა, ზუსტად ეხმაურება დღევანდელ ოპერაციას და ჩვენ მიერ ჩატარებულ უმაღლეს სტანდარტს. შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები იყო შემდეგი: „ჩვენ ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებს, არამედ როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი კულტურა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არის დამნაშავე, კრიმინალი.
„სამწუხაროდ, იგი სამარცხვინოდ მოიქცა არაერთგზის, მაგრამ, თუნდაც ამ სამარცხვინო კაცს ჩვენ მოვექეცით ისე, როგორც ჩვენი კულტურა და ჩვენი ხალხი იმსახურებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.