ჰოსპიტალ „ნიუ ვიჟენის“ კანცლერი - მზად ვართ, ჩავერთოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და საზოგადოებას აღმოვუჩინოთ დახმარება
ჰოსპიტალ „ნიუ ვიჟენის“ კანცლერი - მზად ვართ, ჩავერთოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და საზოგადოებას აღმოვუჩინოთ დახმარება

მზად ვართ, ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით ჩავერთოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და საზოგადოებას აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება, – ამის შესახებ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის, „ნიუ ვიჟენის“ კანცლერმა, ეკატერინე აზარაშვილმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კერძო კლინიკების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრს მივაწოდეთ ინფორმაცია საწოლფონდისა და სასუნთქი აპარატების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სახელმწიფოში კოორდინირებულად წარიმართოს მუშაობა და შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვა. ჩვენი საწოლფონდი არის 125 საწოლი, რომელიც მოიცავს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 26 საწოლს და ასევე, დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს 18 სასუნთქი აპარატი“, – განაცხადა ეკატერინა აზარაშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრაზე კერძო კლინიკების წარმომადგენლებმა ისაუბრეს არსებული საჭიროებების შესახებ, მათ შორის, აუცილებელ სახარჯ მასალებთან დაკავშირებით, რაზეც მათ მთავრობამ მხარდაჭერა აღუთქვა.

„დღესვე, ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც აწუხებს ყველა კლინიკას და ეს ეხება აუცილებელი სახარჯი მასალების დეფიციტს ბაზარზე და მივიღეთ, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან, რომ ისინი გააკეთებენ ყველაფერს რათა მოხდეს კლინიკების შესაბამისი სახარჯი მასალებით აღჭურვა. ასევე, მინდა, მოვუწოდო მომწოდებელ კომპანიებს, რომ ასეთ დროს, მათი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია სახარჯი მასალების სწორი განაწილება და თუ აქვთ 10 000 ან 20 000 პირბადე ან სადეზინფექციო ხსნარი ერთ ან ორ კლინიკაზე არ უნდა მოხდეს ამის განაწილება, ეს არ ნიშნავს სწორ განაწილებას. მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ამ რთულ სიტუაციაში მოახდინონ მათ საჭირო სახარჯი მასალების სწორი განაწილება“, – აღნიშნა ჰოსპიტლის კანცლერმა.
მანვე მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას იმ ეფექტური ღონისძიებების გატარებისთვის, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ხორციელდება.