ჰონგ-კონგში მოსწავლეები სასწავლო წლის დაწყების დროს მასშტაბურ გაფიცვას გეგმავენ
ჰონგ-კონგში მოსწავლეები სასწავლო წლის დაწყების დროს მასშტაბურ გაფიცვას გეგმავენ

ჰონგ-კონგში სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის დაწყების დროს მასშტაბურ გაფიცვას გეგმავენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. როგორც ცნობილია, მოზარდების სამმა ჯგუფმა შესაბამისი პლატფორმა ჩამოაყალიბა, სადაც 20 ათასამდე მოსწავლე უკვე გაწევრიანდა. აღნიშნული პლატფორმის საშუალებით სკოლის მოსწავლეები მათი სამომავლო აქტივობის დეტალების შეთანხმებას შეძლებენ. მოზარდი აქტივისტები აცხადებენ, რომ სასწავლო წლის დაწყების დროს სკოლების საყოველთაო გაფიცვის მიზანი მთავრობის მხრიდან დემონსტრანტების მოთხოვნების დაკმაყოფილებაა.

სკოლის მოსწავლეების გეგმებს ჰონგ-კონგის მთავრობა უკვე გამოეხმაურა. მათი განმარტებით, მოზარდები პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფლები უნდა იყვნენ. რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას, გამოკითხულთა 90 პროცენტი მოსწავლეების ბოიკოტს ემხრობა.

ჰონგ-კონგში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. თავდაპირველად აქტივისტები ექსტრადიციასთან დაკავშირებული კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, რომლის საშუალებითაც დამნაშავის ჩინეთში გადაყვანა იქნებოდა შესაძლებელი. დემონსტრაციების დაწყებიდან მალევე, მთავრობამ კანონპროექტი უკან გაიტანა. თუმცა, მანიფესტაციები მასშტაბურ საპროტესტო ტალღაში გადაიზარდა. ახლა აქტივისტები ჰონგ-კონგის ლიდერის გადადგომას და დემონსტრაციებზე სამართალდამცველების მიერ ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით სამართლიანი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.