ჰონგ კონგში ექსტრადიციის კანონპროექტის წინააღმდეგ ქუჩებში ორ მილიონამდე ადამიანი გამოვიდა
ჰონგ კონგში ექსტრადიციის კანონპროექტის წინააღმდეგ ქუჩებში ორ მილიონამდე ადამიანი გამოვიდა. ძირითადად შავებში ჩაცმულმა დემონსტრანტებმა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის სრულად გაწვევა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადადგომა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ქალაქის ცენტრში მდებარე ვიქტორიას პარკიდან მთავრობის შენობის მიმართულებით მოაწყვეს. პარალელურად, ჰონგ-კონგის მთავარი აღმასრულებლის ოფისმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მთავრობის მუშაობაში არსებულმა ხარვეზებმა საზოგადოებაში ბევრი დავა და იმედგაცრუება გამოიწვია, რის გამოც ხელისუფლება მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.
ჰონგ კონგის მთავრობა კიდევ ერთ დათმობაზე წავიდა და ხუთი წლის წინ დაკავებული ე.წ. ქოლგების მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ჯოშუა ვონი 17 ივნისს ციხიდან გათავისუფლდება.
განხილვის ეტაპზე მყოფი კანონპროექტი მძიმე დანაშაულებში ბრალდებულების ჩინეთში ექსტრადიციას ითვალისწინებს. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, ახალი კანონი შესაძლოა, პეკინის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსების წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.