ჰონგ-კონგის აეროპორტში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა
ჰონგ-კონგის აეროპორტში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

„როიტერის“ ცნობით, აეროპორტის ტერიტორიაზე რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა პოლიციის ავტომობილი ალყაში მოაქცია. სამართალდამცავი უწყების ავტომობილი ტერიტორიაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას ახლდა, რომლითაც დაშავებული გადაჰყავდათ. დემონსტრანტებმა ჩათვალეს, რომ სამართალდამცველებს ჩინელი აგენტი მიჰყავდათ. პოლიციამ აქტივისტების დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა.

რამდენიმე საათით ადრე კი, ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე დემონსტრაციის გამო, ფრენები დროებით შეჩერდა, რადგან სარეგისტრაციო დარბაზი მთლიანად აქტივისტებით იყო სავსე.

ჰონგ-კონგში დემონსტრაციები უკვე რამდნიმე თვეა, მიმდინარეობს. თავდაპირველად აქტივისტები ექსტრადიციასთან დაკავშირებული კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, რომლის საშუალებითაც დამნაშავის ჩინეთში გადაყვანა იქნებოდა შესაძლებელი. დემონსტრაციების დაწყებიდან მალევე, მთავრობამ კანონპროექტი უკან გაიტანა. თუმცა, მანიფესტაციები მასშტაბურ საპროტესტო ტალღაში გადაიზარდა. ახლა აქტივისტები ჰონგ-კონგის ლიდერის გადადგომას და დემონსტრაციებზე სამართალდამცველების მიერ ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით სამართლიანი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.