ჰონდურასში გამართული აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ, აშშ-ის საელჩოს შესასვლელს ცეცხლი წაუკიდეს. როგორც „სიენენი“ იუწყება, არეულობის დროს ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური უწყების წარმომადგენლები არ დაშავებულან.
ცნობილია, რომ დიპლომატიური უწყების თანამშრომლებს ქალაქში მიმდინარე არეულობების გამო საელჩოს ტერიტორია დატოვებული ჰქონდათ.
დედაქალაქ ტეგუსიგალპაში მრავალათასიანი დემონსტრაცია ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ გაიმართა. აქტივისტები პრეზიდენტ ჯუან ორლანდო ჰერნანდესის გადადგომას ითხოვდნენ.
ჯერ უცნობია, იყო თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დემონსტრანტების პირდაპირი სამიზნე.