ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ორიენტაციის გამო შეუწყნარებლობის მოტივით მუქარისა და იძულების, ასევე კომპიუტერულ სისტემაში უნებართო შეღწევის ფაქტზე ო.ი.-ს ბრალდება წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 20 აპრილს, ქ. თბილისში ო.ი.-მ, სექსუალური ორიენტაციის გამო, შეუწყნარებლობის მოტივით ქ.ე.-სა და ნ.უ.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, ხოლო ნ.უ.-ს დანის სხეულთან ახლოს დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ო.ი.-მ ასევე ნ.უ-ს, რომელიც მისი კუთვნილი მობილური ტელეფონით ვიდეოგადაღებას ახორციელებდა, მობილური ტელეფონი წაართვა, დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ შეაღწია მასში და მისი მოქმედებების ამსახველი ვიდეოჩანაწერი წაშალა.
სამართალდამცველებმა ო.ი. 2021 წლის 21 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
„საქართველოს პროკურატურა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრ პოლიტიკას ატარებს. აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ“, – აცხადებენ პროკურატურაში.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
თბილისში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი გუშინ დააკავა.