ჰოლივუდის მსახიობების გაფიცვა, შესაძლოა, წლის ბოლომდე გაგრძელდეს, – როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ HBO’s succession-ის მსახიობმა, ბრაიან კოქსმა განაცხადა.
ათასობით მსახიობი შეუერთდა სცენარისტების ყველაზე დიდ გაფიცვას, რაც ექვს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ჰოლივუდში მომხდარა.
კინომსახიობთა გაერთიანება (SAG) შეუერთდა ამერიკის მწერალთა გილდიას (WGA) საბაზისო ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით. ისინი ასევე ითხოვენ გარანტიებს, რომ მათ სამუშაოებს ხელოვნური ინტელექტი არ ჩაანაცვლებს. მსახიობები შიშობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შესაძლებელი გახდება მათი ხმებისა და სახეების ჩანაცვლება.
წითელი ხალიჩის პრემიერები, სარეკლამო ინტერვიუები და ღონისძიებები, მათ შორის, Emmys და Comic-Con, უკვე შეჩერებულია.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს „სჯერა, ყველა მუშაკი, მათ შორის, მსახიობები იმსახურებენ სამართლიან ანაზღაურებას“.
მედიის ცნობით, აღნიშნული გაფიცვები, სავარაუდოდ, დიდ დარტყმას მიაყენებს ინდუსტრიას, გამოიწვევს მრავალი წარმოების შეჩერებას შეერთებულ შტატებსა და მის ფარგლებს გარეთ.