აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - კუბას ახალი პრეზიდენტის არჩევა ქვეყნებს შორის ურთიერთობაში არაფერს ცვლის  
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - კუბას ახალი პრეზიდენტის არჩევა ქვეყნებს შორის ურთიერთობაში არაფერს ცვლის  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-კუბას შორის ურთიერთობაში ახალი პრეზიდენტის არჩევა არაფერს ცვლის. გუშინ კუბის ეროვნულმა ასამბლეამ აღნიშნულ თანამდებობაზე მიგელ დიაზ კანელი დაამტკიცა. მან პრეზიდენტის პოსტზე რაულ კასტრო ჩაანაცვლა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კუბაზე ზრუნვას გეგმავს.

„ჩვენ გვიყვარს კუბა. ჩვენ კუბაზე ვიზრუნებთ, ჩვენ ამას ვგეგმავთ“, – განაცხადა ტრამპმა ფლორიდას აეროპორტში.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ჰიზერ ნაუერტის განცხადებით კი, ტრამპის ეს სიტყვები მნიშვნელოვან პოლიტიკურ მიდგომებს არ ეხება.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი უბრალოდ აღნიშნავდა იმ სამუშაოს, რომელიც აქამდე გავწიეთ და მოსახლეობას შორის კავშირს, რაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ჰიზერ ნაუერტმა.

ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ახალი მიზეზები გაჩნდა. ტრამპმა შეწყვიტა თანამშრომლობა კუბის სახელმწიფო კომპანიებთან და ამერიკელებისთვის კუბაზე წასვლის წესები გაამკაცრა. თავის მხრივ, ორი ქვეყნის ურთიერთნდობაზე უარყოფითი გავლენა იქონია ჰავანაში ამერიკელი დიპლომატების იდუმალებით მოცულმა ავადმყოფობამაც.