საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩი“ მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში მიმოხილულია გასული წლის მოვლენები.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2023 წელს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაცია არაერთგვაროვანი რჩებოდა. პოლიტიკურ მოვლენებში დომინირებდა მთავრობის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით დაძაბულობა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ სცადა „უცხოური აგენტის“ შესახებ კანონის მიღება, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას გამოუთხრიდა ძირს. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დარღვევებზე, განსაკუთრებით შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით, ანგარიშვალდებულების ნაკლებობა კვლავ შენარჩუნებული იყო. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვა პრობლემები მოიცავდა მედიის თავისუფლების შეზღუდვასა და თავდასხმებს, ასევე უსამართლო შრომით პირობებს. ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულმა სტრატეგიამ არ მოიცვა ლგბტ პირების უფლებები.
ნოემბერში ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა იმის გაცნობიერებით, რომ ის გააგრძელებს რეფორმებს.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, თებერვალში ფრაქციამ მმართველი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობიდან წარადგინა სადავო კანონპროექტის ორი ვერსია: ერთი მოითხოვდა არასამთავრობო ჯგუფებისა და მედიასაშუალებებისგან, რომლებიც თავიანთი წლიური შემოსავლის 20 პროცენტს ან მეტს იღებენ საზღვარგარეთიდან, დარეგისტრირებულიყნენ როგორც „უცხოური გავლენის აგენტები“; მეორე – მსგავს მოთხოვნებს უწესებდა კერძო პირებს. შეუსრულებლობას მოჰყვებოდა მკაცრი სასჯელი, მათ შორის სისხლის სამართლებრივი დევნა. კანონპროექტებს ფართო კრიტიკა მოჰყვა სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, გაერო-ს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის და სხვათა მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ კანონპროექტები მიმართული იყო დაფინანსების გამჭვირვალობის გაძლიერებისკენ, მათი საჯარო განცხადებები მიანიშნებდა, რომ ისინი აპირებდნენ დამოუკიდებელი ჯგუფების, მედიისა და კრიტიკული ხმების სტიგმატიზაციას და დასჯას.
საზოგადოების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, 7 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით ნაჩქარევად მიიღო ერთ-ერთი კანონპროექტი. ორდღიანი მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ უკან გაიწვია კანონპროექტი იმ მოტივით, რომ ვერ შეძლეს მისი საზოგადოებისთვის განმარტება. მთავრობის მტრული რიტორიკა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ გრძელდებოდა მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, საზედამხედველო ჯგუფების მიმართ.
სექტემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ სავარაუდო „შეთქმულებასთან“ დაკავშირებით სამოქალაქო არეულობის წაქეზებისთვის და საქართველოს ხელისუფლების დასამხობად აქტივისტების რეკრუტირებისთვის. აშშ-ის საელჩომ კატეგორიულად უარყო ეს ბრალდებები. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებმა დაჰკითხეს ათამდე აქტივისტი, რა დროსაც მათ დააწერინეს გაუთქმელობის ხელწერილი, რათა არ დაეშვათ მათ მიერ საქმის საჯაროდ განხილვა“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2023 წელს აღნიშნეს პოლიციის ძალის გადამეტებული გამოყენებისა და შეკრების თავისუფლებაში სახელმწიფოს უკანონო ჩარევის რამდენიმე შემთხვევა.
სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი და დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც სპონტანურად შეიკრიბნენ „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად. სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ ეს ზომები იყო არაპროპორციული და არასაჭირო. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს იძიებს, საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ქმედებებზე გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მიიღო 124 საჩივარი დარღვევების შესახებ. აღნიშნული ანგარიშის შედგენისას გამოძიება გრძელდებოდა.
ქართული უფლებადამცველი ჯგუფები აკრიტიკებდნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დასაკავებლად პოლიციის მიერ ადმინისტრაციული ბრალდების გამოყენების არსებულ პრობლემას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად ეფუძნება მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს და უგულებელყოფს სამართლიანი სასამართლოს ნორმებს.
ივნისში პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ცნობილი უფლებადამცველი ჯგუფების წევრები, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა იმისთვის, რომ მათ ბანერები პრემიერ-მინისტრის განზრახ დამახინჯებული სახელით, ცარიელი პლაკატები და კონსტიტუციის ასლი გააკრეს. 48 საათის შემდეგ პოლიციამ ისინი გაათავისუფლა. სექტემბერში სასამართლომ ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააჯარიმა.
ივლისში პოლიციამ ბათუმში რუსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ ომის საწინააღმდეგო აქციის 20-მდე მონაწილე დააკავა. აგვისტოში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პოლიციის მხრიდან ამ დაკავებების დროს სავარაუდოდ ჩადენილი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამოძიება დაიწყო. აღნიშნული ანგარიშის შედგენისას გამოძიება გრძელდებოდა.
ოქტომბერში „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებულად შეიტანა ცვლილებები დემონსტრაციების შესახებ კანონში, რომელიც პოლიციას ანიჭებს ფართო უფლებამოსილებას, დაშალოს ან დააკავოს მომიტინგეები, რომლებიც ცდილობენ აღმართონ არამუდმივი „სტრუქტურები“, როგორებიცაა კარვები და სცენები. კანონის დარღვევა გამოიწვევს 500 ლარის (დაახლოებით 190 აშშ დოლარი) ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას.
იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო 1 775 საჩივარი სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო დარღვევების შესახებ და დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება 178 საქმეზე. ამავე პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო 72 საჩივარი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩის“ ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ მედიის თანამშრომლების მიმართ არაერთი მუქარასა და თავდასხმას ჰქონდა ადგილი. ოქტომბრისთვის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო 37 საჩივარი და დაიწყო 12 გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ჩარევასთან დაკავშირებით.
ივნისში თავდამსხმელმა სცემა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანადამფუძნებელი და წამყვანი მიშა მშვილდაძე. მოგვიანებით, თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ თავდასხმა იყო მშვილდაძის მიერ საქართველოს საპატრიარქოს კრიტიკაზე პასუხი. პოლიციამ დამნაშავე დააკავა და სექტემბერში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დახურა გამოძიება და საქმე სასამართლოს გადასცა. ოქტომბერში სასამართლომ დამნაშავეს ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მშვილდაძემ გამოთქვა შეშფოთება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ მას სათანადოდ არ შეუსწავლია კამერების ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც, სავარაუდოდ, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი თავდასხმის ადგილზე ჩანდა, რითიც მიუთითებდა საქმეში სახელმწიფოს პოტენციურ ჩართულობაზე.
თებერვალში პარლამენტმა მიიღო მედიის აკრედიტაციის შესახებ ახალი, შემზღუდველი რეგულაციები, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, უფლებას აძლევს ხელისუფლებას, აუკრძალოს ჟურნალისტებს პარლამენტში დეპუტატებისთვის კითხვების დასმას მას შემდეგ, რაც ისინი უარს იტყვიან ინტერვიუზე. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცვლილებების გასამართლებლად მედიის მიერ დეპუტატების სავარაუდო შევიწროება დაასახელეს. სახალხო დამცველის ოფისმა გააკრიტიკა წესები მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და გასაჩივრების ეფექტიანი მექანიზმის არარსებობის გამო. წესის მიღების შემდეგ პარლამენტმა შეაჩერა წამყვანი კრიტიკული მედიასაშუალებების ცხრა ჟურნალისტისა და ოპერატორის აკრედიტაცია. ჟურნალისტების მტკიცებით, ეს მათი კრიტიკული კითხვების გამო მოხდა.
ივნისში საქართველოს პრეზიდენტმა წამყვანი კრიტიკული ტელეარხის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. შეწყალებას წინ უძღოდა ივნისში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ძალაში დატოვა გვარამიას უაღრესად სადავო სისხლის სამართლის განაჩენი, რომელიც უკავშირდებოდა სხვა კერძო ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის დროს მიღებული მენეჯერული გადაწყვეტილებების გამო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
ოქტომბერში პარლამენტმა სწრაფად მიიღო სადავო ცვლილებები, რომლებიც აფართოებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებას, სასჯელი დააწესოს სამაუწყებლო კონტენტისთვის, რომელიც სავარაუდოდ შეიცავს უხამსობას, სიძულვილის წაქეზებას ან ტერორიზმს. ცვლილებებმა კომისიას უფლება მისცა, დააწესოს სანქციები, მათ შორის მსხვილი ჯარიმები და მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერება. აქამდე კომისიას შეეძლო ასეთი ზომების მიღება მხოლოდ საჩივრების საპასუხოდ. ქართულმა უფლებადამცველმა ჯგუფებმა დაგმეს შესწორებები და შეაფასეს ისინი როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკული მაუწყებლების ცენზურის და მათ მუშაობაში თვითნებური ჩარევის სერიოზული რისკები, ნაწილობრივ კომისიის დამოუკიდებლობის დაბალი დონის გამო“, – ნათქვამია ანგარიშში.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2023 წელს იყო რამდენიმე პროტესტი და გაფიცვა მეტროს მუშაკების, მობილური აპლიკაციებით მომუშავე დასაქმებულების, ვიდეოოპერატორების, ექიმების, კულტურის მუშაკების, ქარხნების მუშების, მშენებლებისა და მაღაროელების მხრიდან. ისინი ითხოვდნენ უკეთეს ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და არსებული შრომითი კანონმდებლობის და კოლექტიური ხელშეკრულებების აღსრულებას.
საქართველოს შრომის ინსპექტორის ოფისმა 2021 წელს დაიბრუნა სრული მანდატი შრომის და უსაფრთხოების უფლებების აღსრულების მიზნით, მაგრამ მის ეფექტიანობას აფერხებდა რესურსების ნაკლებობა, საზოგადოების შეზღუდული ნდობა და სისტემური პრევენციული ინსპექტირების ჩატარების უუნარობა. 2023 წლის აპრილში დაიწყო დამსაქმებელთა სახელების რედაქტირება მისი საჯარო ინსპექტირების ანგარიშებიდან, რაც ეფექტურად იცავდა უფლებების დამრღვევ დამსაქმებლებს საზოგადოებრივი კონტროლისგან. აგვისტოში, სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის შემდეგ ის სახელების გამჟღავნებას კვლავ დაუბრუნდა. სამუშაო ადგილზე უსაფრთხოება ისევ პრობლემატურია. დასაქმებულებისთვის ყველაზე საშიშ სექტორად მშენებლობა რჩება“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ფესტივალი „თბილისი პრაიდი“, რომელიც 8 ივლისს იყო დაგეგმილი, მოულოდნელად გაუქმდა მას შემდეგ, რაც სიძულვილის ულტრამემარჯვენე ჯგუფები ძალადობრივად შეიჭრნენ ღონისძიების გასამართ ადგილზე. მათ პოლიციისა და ჟურნალისტების თანდასწრებით ფესტივალის ქონება გაძარცვეს და დაარბიეს. მიუხედავად იმისა, რომ სიძულვილის ჯგუფები ანტილგბტ პროტესტისკენ მოწოდებით წინასწარ გამოვიდნენ, ხელისუფლებამ ვერ შეაჩერა ძალადობრივი ჯგუფების ადგილზე მისვლა. ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ თავდასხმასთან დაკავშირებით არავინ დააკავა. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მოთხოვნა გამოძიების მსვლელობისას დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე ანგარიშის შედგენის დროს განხილვაზე იმყოფებოდა.
მარტში მიღებული ადამიანის უფლებების დაცვის 2023-2030 წლების სტრატეგია არ ახსენებს ლგბტ პირების უფლებებს, წინა სტრატეგიისგან განსხვავებით. ქართული ჯგუფებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ მთავრობის ადამიანის უფლებების სამდივნომ პირობა დადო, რომ გამოტოვებულ საკითხებს სტრატეგიის სამოქმედო გეგმა მოიცავდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩი“ აღნიშნავს, ნოემბერში ევროკომისიამ გამოაქვეყნა „გაფართოების ანგარიში“ საქართველოს შესახებ, რომელშიც შესრულებულად მიიჩნია რეკომენდებული 12 რეფორმიდან სამი: პროგრესი გენდერული თანასწორობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხებში, საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის წარდგენა. კომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის მიენიჭებინათ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი „იმის გააზრებით“, რომ საქართველო შეასრულებს დარჩენილ რეკომენდაციებს, მათ შორის თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფას, „მოწყვლადი ჯგუფების“ უფლებების დაცვის გაძლიერებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ყველა დონეზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას. ევროკომისიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ელოდება საქართველოსგან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობის მნიშვნელოვნად გაზრდას.
ანგარიშის დაწერის დროს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საბოლოო გადაწყვეტილება, მიენიჭებინათ თუ არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი, ჯერ კიდევ განიხილებოდა.
2023 წლის თებერვალში მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტმა გამოხატა „სერიოზული შეშფოთება“ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო და მისი გათავისუფლებისა და საზღვარგარეთ „სათანადო სამედიცინო მკურნალობაზე“ წვდომის მინიჭების მოწოდებით გამოვიდა.
არაერთმა საელჩომ და საერთაშორისო პარტნიორმა დაგმეს ივლისში „თბილისი პრაიდზე“ თავდასხმა. მარტის შემაჯამებელ დასკვნებში, გაერო-ს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა მოუწოდა მთავრობას, უზრუნველყოს, რომ გენდერული ძალადობის ყველა ფორმა, მათ შორის ოჯახური და სექსუალური ძალადობა ეფექტურად იქნას გამოძიებული და დამნაშავეები იყვნენ დასჯილნი.
ოქტომბერში საქართველოს ეწვია გაერო-ს წამების პრევენციის ქვეკომიტეტი. „მნიშვნელოვანი პროგრესის“ აღნიშვნასთან ერთად, ქვეკომიტეტი, სხვა საკითხებთან ერთად გამოვიდა მოწოდებით, მიღებულ იქნას დამატებითი ზომები ციხეებში პატიმართა რაოდენობის შესამცირებლად და სარეაბილიტაციო პროგრამების გასაძლიერებლად.
აპრილში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ოთხ ქართველ მოსამართლეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის“ და აუკრძალა მათ და მათი ოჯახების წევრებს შეერთებულ შტატებში ჩასვლა“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, „ჰიუმან რაითს ვოჩის“ რიგით 34-ე ყოველწლიური ანგარიში აჯამებს ადამიანის უფლებების მდგომარეობას 2023 წელს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და ტერიტორიაზე. ის ასახავს ინტენსიურ საგამოძიებო სამუშაოს, რომელიც წლის განმავლობაში „ჰიუმან რაითს ვოჩის“ თანამშრომლებმა შეასრულეს, ხშირად ადგილობრივ უფლებადამცველ აქტივისტებთან მჭიდრო პარტნიორობით.