აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მხარი დაუჭირა. ამის ჰილარი კლინტონმა ჟურნალ „ფიფლთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„მე მხარს ვუჭერ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. ვერ გეტყვით, რომ ეს გადაწყვეტილება იოლად და სწრაფად მივიღე, მაგრამ მივიჩნევ, რომ ახლა საგანგებო სიტუაციაა შექმნილი. უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენები, უკრაინის პრეზიდენტის შეთქმულებაში ჩართვის მცდელობა, რისი მიზანიცაა ავნო და ძირი გამოუთხარო ყოფილ ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაემუქრო სამხედრო დახმარების დაკარგვით, რომელიც უკრაინას სჭირდება, რომ თავი დაიცვას ტრამპის მეგობარი პუტინისგან – თუ ეს ყველაფერი არ არის იმპიჩმენტის საბაბი, მაშინ მე არ ვიცი, სხვა რა არის“, – განაცხადა ტრამპის ყოფილმა კონკურენტმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ 25 ივლისის სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლას შეეცადა. ჟურნალისტების ცნობით, ტრამპმა რამდენჯერმე შესთავაზა ზელენსკის აეყვანა მისი პირადი ადვოკატი რუდი ჯულიანია, რათა ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის გარშემო მიმდინარე გამოძიება დაჩქარებულიყო. ამერიკული მედიის ცნობით, საუბრისას ტრამპი ზელენსკის სამხედრო დახმარების შეწყვეტითაც კი დაემუქრა.
თავად ტრამპი და ზელენსკი ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ცნობას უარყოფენ. აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით, მისი და უკრაინის ლიდერის სატელეფონო საუბრის სტენოგრამა დღეს გამოქვეყნდება.