„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა ომთან დაკავშირებით დღეს მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს
ლიბანური შიიტური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა ისრაელ-ღაზის ომზე დუმილს დაარღვევს და დღეს მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ნასრალას გამოსვლა, სავარაუდოდ, მიუთითებს ჯგუფის მომავალ ნაბიჯებზე იმ დროს, როდესაც „ჰეზბოლას“ მებრძოლები და ისრაელის არმია ლიბან-ისრაელის საზღვარზე ინტენსიურ დაპირისპირებაში არიან ჩართული.
როგორც მედია წერს, „ჰეზბოლას“ ლიდერის მოსალოდნელმა განცხადებამ გააჩინა შიში, რომ ტერიტორია შეიძლება გახდეს კონფლიქტის კიდევ ერთი ფრონტი. დაჯგუფებამ გააძლიერა თავდასხმები ისრაელზე, რომელიც საპასუხო ნაბიჯებს დგამს, მაგრამ ორივე მხარემ, როგორც ჩანს, გადადგა ნაბიჯები საშიში ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და დარტყმების უმეტესობა შემოიფარგლება სასაზღვრო ზონით.
„ჰამასმა“ არაერთხელ მოუწოდა თავის მოკავშირეებს, შეუერთდნენ ბრძოლას და ჩნდება შეკითხვები, უპასუხებს თუ არა „ჰეზბოლა“ ამ მოწოდებებს.
„ჰეზბოლა“, რომელსაც, „ჰამასის“ მსგავსად, დიდი ბრიტანეთი, აშშ და სხვები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ, არის ყველაზე დიდი პოლიტიკური და სამხედრო ძალა ლიბანში. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი „წარმოუდგენელი“ მასშტაბის პასუხს გასცემს, თუ „ჰეზბოლა“ მეორე ფრონტს გახსნის.