ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო - ინფორმაცია გიურზების მომრავლებაზე არასწორია და პანიკის საფუძველი არ არსებობს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო - ინფორმაცია გიურზების მომრავლებაზე არასწორია  და პანიკის საფუძველი არ არსებობს

ინფორმაცია გიურზების მომრავლებაზე არასწორია და პანიკის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ პირველ არხს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ჰერპეტოლოგმა, შოთა ზანდუკელმა განუცხადა.

მისი თქმით, ქვეწარმავლებთან დაკავშირებული გამოძახებების რაოდენობა არ განსხვავდება წინა წლების გამოძახებებისგან.

„ხალხი ყველაფერს გიურზას ეძახის. გიურზა არის ისეთი სახეობა, რომელიც თბილისის ტერიტორიის საზღვრებთან მხოლოდ რამდენიმე ლოკაციაზე ბინადრობს, რომელიც ძალიან იშვიათად გვხვდება დასახლებულ პუნქტებში. გამოძახებები ბევრია, როგორც ყოველთვის, განსხვავება არ არის შარშანდელთან ან შარშანწინდელთან შედარებით. ოდნავი ცვლილებები არის, რადგან ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ცნობადობა ხალხში გავრცელდა. ქვეწარმავლების შემოტევა სიმართლეს არ შეესაბამება. ხალხში არის პანიკა, რადგან ინტერნეტის და ფეისბუქის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს გველი ვნახე, თუმცა სტაბილურად, როგორი მდგომარეობაც იყო ადრე, იგივე მდგომარეობაა. გიურზების რაოდენობა არ შეესაბამება სიმართლეს, შეგვიძლია, ხალხი დავამშვიდოთ. ძირითადი გამოძახებები გადანაწილებულია მთელ თბილისზე, გამოძახებები ყველა უბნიდან ხდება. ოდნავ მეტი ფაქტი ფიქსირდება გარეუბნებიდან, რომელიც ახლოს არის ბუნების არეალთან როგორიც არის პლატოები, დიდი დიღმის ტერიტორია, ორთაჭალის ზედა უბნები და ასეთი ადგილები, სადაც ბუნებასთან კავშირი უფრო ახლოა”, – განაცხადა ზანდუკელმა.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, როგორც ჰერპეტოლოგმა განმარტა, ქვეწარმავლის დანახვის შემთხვევაში აუცილებელია, ადამიანმა არ გამოიწვიოს ქვეწარმავლის გაღიზიანება და არ შეეცადოს არც მის დაჭერას და არც მოკვლას.

ქვეწარმავლების აღმოჩენის შემთხვევაში მოსახლეობას შუძლია, მიმართოს როგორც 112-ს, ისე ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს, რომლებიც გამოძახებაზე დროულ რეაგირებას მოახდენენ.

„დაინახავს თუ ადამიანი ქვეწარმავალს, უკან უნდა დაიხიოს და მაშინვე დარეკოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ან 112-ში და ჩვენი ჯგუფი პროფესიონალების შემადგენლობით ნებისმიერ ასეთ ზარს მოემსახურება. არ უნდა ეცადონ მის დაჭერას ან მოკვლას და თვითნებურად არ უნდა იმოქმედონ. რაც შეეხება შხამიან ქვეწარმავლებს, თბილისში ხშირი არ არის საბედნიეროდ, წელიწადში შეიძლება 2-3 შხამიანი ქვეწარმავალი დაფიქსირდეს, დანარჩენი ყველა არის არაშხამიანი, ზოგი აგრესიულობით გამოირჩევა, ზოგი საერთოდ არ არის აგრესიული, ზოგი სიდიდით გამოირჩევა და ა.შ.”, -განაცხადა შოთა ზანდუკელმა.