ჰერმან საბო - წაგებული საქმე კეზერაშვილისთვის შეიძლება, იყოს შეხსენება, რომ მისი აქტივები კონტროლქვეშაა
ჰერმან საბო - წაგებული საქმე კეზერაშვილისთვის შეიძლება, იყოს შეხსენება, რომ მისი აქტივები კონტროლქვეშაა

მრჩება შთაბეჭდილება, რომ კეზერაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ რაღაც ბიზნესგარიგება ჰქონდა, მის აქტივებს დიდად არ ეხებოდნენ და საქმეებიც მოიგო, თუმცა ახლა წაგებული საქმე ვნახეთ. შეიძლება, ეს იყოს შეხსენება, რომ ქვეყანაში მისი აქტივები კონტროლქვეშაა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

ჰერმან საბო დავით კეზერაშვილის მიმართ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„კეზერაშვილთან დაკავშირებით ჩემთვის ცოტა უცნაური სიტუაციაა. ამ სასამართლოს პირობებში მის მიერ მოგებული საქმეები მახსოვს, თუმცა ახლა წააგო. მრჩება შთაბეჭდილება, რომ კეზერაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ რაღაც ბიზნესგარიგება ჰქონდა დალაგებული, მის აქტივებს დიდად არ ეხებოდნენ და საქმეებიც მოიგო, თუმცა ახლა წაგებული საქმე ვნახეთ. ვინაიდან ეს საქმე დეტალებში არ ვიცი, ვერ ვიტყვი, რამდენად პოლიტიკურად მოტივირებულია, მაგრამ ქვეყნის კონტექსტში რომ შევხედოთ, შეიძლება, ეს წარმოვიდგინოთ, როგორც „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, ყველაფერი საკუთარ კონტროლქვეშ ჰყავდეს. სასამართლოს საქმეები მიუთითებს, რომ ის რაღაც ბიზნესგარიგებაში იყო „ქართულ ოცნებასთან“. შეიძლება, ეს არ იყოს დასჯის მცდელობა, ეს იყოს შეხსენება, რომ ქვეყანაში მისი აქტივები კონტროლქვეშაა და შეუძლიათ, ან ახალი საქმე მოუგონონ, ან ძველი ამოუქექონ, მათ შორის ისეთიც, რომელიც მას დაშავებული აქვს“, – აღნიშნა ჰერმან საბომ.