ჰერმან საბო - თავის მოტყუება, ფარისევლობა იქნება, ჩვენ რომ სერიოზული სახეებით დავდგეთ და ვიწუწუნოთ, როგორ ჩაერია აშშ რაღაც გადაწყვეტილებაში, ზუსტად ისე გვექცევიან, როგორი სასამართლოც გვაქვს
ჰერმან საბო - თავის მოტყუება, ფარისევლობა იქნება, ჩვენ რომ სერიოზული სახეებით დავდგეთ და ვიწუწუნოთ, როგორ ჩაერია აშშ რაღაც გადაწყვეტილებაში, ზუსტად ისე გვექცევიან, როგორი სასამართლოც გვაქვს

თავის მოტყუება და ფარისევლობა იქნება, ჩვენ რომ სერიოზული სახეებით დავდგეთ და ვიწუწუნოთ იმაზე, როგორ ჩაერია ამერიკის შეერთებული შტატები რაღაც გადაწყვეტილებაში. ზუსტად ისე გვექცევიან, როგორი სასამართლოც გვაქვს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ განაცხადა, რომელმაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი ყოფილი წევრის დღევანდელი განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, ძირეული და ფუნდამენტური რეფორმები ვიდრე არ განხორციელდება, ასეთ ფაქტებს ყოველთვის ექნება ადგილი.

ამავდროულად, ჰერმან საბო ამბობს, რომ აშშ-ის საელჩოს ქმედებებს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩარევად არ აფასებს.

„თავის მოტყუება და ფარისევლობა იქნება, ჩვენ რომ სერიოზული სახეებით დავდგეთ და ვიწუწუნოთ იმაზე, როგორ ჩაერია ამერიკის შეერთებული შტატები რაღაც გადაწყვეტილებაში. ზუსტად ისე გვექცევიან, როგორი სასამართლოც გვაქვს. ზუსტად ისეთი დამოკიდებულება გვაქვს ჩვენც, მათ შორის ოპოზიციას სასამართლოს მიმართ, როგორიც გვაქვს. ვიდრე არ იქნება მართლა მნიშვნელოვანი, ძირეული და ფუნდამენტური რეფორმები, იქამდე ასეთ ფაქტებს ყოველთვის ექნება ადგილი. ხან, ხელისუფლება ჩაერევა, ხან, სხვა ეცდება ჩარევას და ზემოქმედების მოხდენას, ხოლო ამერიკისთვის იმის დაბრალება, რომ მას ფავორიტი მოსამართლე ჰყავს, მაშინ, როდესაც საქართველოში თითქმის ვერ ნახავთ მოსამართლეს, რომელიც გადამზადებაზე არ ყოფილა ამერიკის შეერთებულ შტატებში საელჩოს დახმარებით, ეს სასაცილოა. ის ფაქტი, რომ გვარამიას შესახებ განაჩენი იყო აბსოლუტურად მიუღებელი და აქამდე თვალით უნახავი, ისეთი უტიფარი განაჩენი იყო და ამაზე რეაქცია ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, შეიძლება, მათთვის რეპუტაციული ზიანიც კი ყოფილიყო ასეთი მოსამართლისთვის რაიმე სახის დახმარება, მათი ქმედებები ასე შეიძლება, შევაფასო და არა ის, რომ ისინი ჩაერივნენ სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ისინი რომ ჩარეულიყვნენ, სავარაუდოდ, შეიძლება, მოსამართლეს ეს გადაწყვეტილება არ მიეღო“, – აღნიშნა ჰერმან საბომ.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 15 ივლისს განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან. „მან მითხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და გამოვიყენე თავისუფლების აღკვეთა“, – განაცხადა მოსამართლემ.

ამასთან, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ განაცხადა: „აშშ-მა ძალიან დიდი დრო დაუთმო საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაზე მუშაობას, შესაძლებლობების განვითარებას, ცდილობდა, გაეუმჯობესებინა პროფესიონალიზმი, გამჭვირვალობა, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და ეს მოიცავდა მრავალ მიმოცვლას აშშ-ის ექსპერტებსა და ქართველ მოსამართლეებს, პროკურორებსა და ადვოკატებს შორის. ეს არის რუტინული შეხვედრები, რომელიც ყოველთვის ხდება. და თუ ვინმეს სურს, არასწორად დაახასიათოს ისინი, ან იმაზე მეტი მნიშვნელობა მიანიჭოს, ვიდრე აქვს, ცხადია, ეს მხოლოდ მათი მიზნებისთვისაა“.

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამმა ყოფილმა ყოფილმა წევრმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა.