ჰერმან საბო - სალომე სამადაშვილი „ნაცმოძრაობაში“ იყო და პარტია განსაკუთრებული იდეებით არც მაშინ ბრწყინავდა
სალომე სამადაშვილი „ნაცმოძრაობაში“ იყო და პარტია განსაკუთრებული იდეებით არც მაშინ ბრწყინავდა, ახლა რომ თავად კრიტიკოსი გახდეს. შეიძლება, კრიტიკა სწორია, მაგრამ ეს კრიტიკა სამადაშვილსაც ეხება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ვიდრე პარტიას სააკაშვილი ბოლომდე არ ჩამოსცილდება, დამოუკიდებლად თამაში შეუძლებელი იქნება.
„სამადაშვილმა შეიძლება თქვას, რომ პარტიიდან წავიდა, რადგან იდეები ვერ გაიტანა, მაგრამ ფაქტია, „ნაციონალური მოძრაობა“, მრავალი წელია, მიხეილ სააკაშვილის ერთკაციანი პარტიაა. გასაგებია, რომ ვიღაცები დამოუკიდებელ თამაშს ცდილობენ, მაგრამ ეს ფიზიკურად შეუძლებელია, ვიდრე სააკაშვილი პარტიას ბოლომდე არ ჩამოსცილდება. ლიდერების წამოწევას და პარტიის დაშლას ვიდრე არ დავინახავთ, მანამდე ეს პარტია სააკაშვილის გარშემო იტრიალებს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
„ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთლიანად დგას სააკაშვილის მხარდამჭერთა ხმებზე: „„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა მთლიანად მიბმულია ყოფილი პრეზიდენტის მხარდაჭერაზე და ეს არ არის ნორმალური დემოკრატიული პარტიის ფუნქციონირების, სისტემური მუშაობისთვის. თანამედროვე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა უნდა იყოს, მაგრამ ეს უნდა შეეხებოდეს პოლიტიკურ დღის წესრიგს, პროგრამას და არა – პარტიის ლიდერთან დაკავშირებით პოზიციონირებას“.