ჰერმან საბო - საარჩევნო შტაბი იმის გადასაფარადაა, რომ პრეზიდენტმა პრემიერობის კანდიდატი ვერ დაასახელა, შეიძლება ხალხმა პროექტორზე უყუროს, რა შედეგები იქნება, ამის იქით რაიმე შინაარსს ვერ ვხედავ
საარჩევნო შტაბი იმის გადასაფარად გაკეთდა, რომ პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვერ დაასახელა. რას ნიშნავს საარჩევნო შტაბი? ხალხი შეიძლება ნებისმიერ ადგილზე შეიკრიბოს და პროექტორზე უყუროს, რა შედეგები იქნება. ამის იქით რაიმე შინაარსს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
ჰერმან საბოს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის მიერ ორბელიანების სასახლეში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ამ სასახლეში არჩევნების დღეს იქნება მოწყობილი საკოორდინაციო პლატფორმა, რათა გავუწიოთ მონიტორინგი, რაც იმ დღეს მოხდება“.
„შეიძლება, ეს იმის გაგრძელებაა, როცა ახალგაზრდებს მოუწოდა, ჩამოიარეთ და რეფერენდუმი ჩაატარეთო. არ ვიცი, მგონია, რომ შტაბის შექმნა პრეზიდენტის ჩავარდნის გადასაფარად იყო. მისგან ყველა პრემიერობის კანდიდატის დასახელებას ელოდებოდა და გამოვიდა რაღაც თქვა. ვერ წარმომიდგენია, პრეზიდენტმა როგორ შეიძლება არჩევნების გაყალბების პრევენცია მოახდინოს? – ამის გაკეთება პარტიებს კომისიის წევრებითა და დამკვირვებლებით შეუძლია. პრეზიდენტს შეუძლია, პარტიებს უთხრას, არჩევნების დღეს მოდით, გიმასპინძლებთო. არ ვიცი, ამის იქით რა ფუნქცია აქვს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.