ჰერმან საბო - რუსეთმა ფრენები ცალმხრივად შეგვიწყვიტა, რეჟიმს მოხსნიან თუ არა, საქართველოს ამ მიმართულებით არანაირი ბერკეტი არ აქვს
ტექნიკურად საქართველოს მთავრობა სწორია, რადგან რუსეთმა ფრენები ცალმხრივად შეგვიწყვიტა და სანქციებიც ცალმხრივად დაგვადეს. ამ რეჟიმს მოხსნიან თუ არა, საქართველოს ამ მიმართულებით არანაირი ბერკეტი არ აქვს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ფრენების აღდგენის საკითხს ფრთხილად უნდა მიუდგეს.
„ქართული აეროპორტის ოპერატორები კერძო კომპანიები არიან და თუ ვინმეს სანქცია დაედება, მათ დაედებათ. თბილისის ოპერატორი „ტავი“, რომელიც თურქული კომპანიაა, რას გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა რუსული თვითმფრინავები, ეს მისი საქმეა. უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს კონტექსტის ამბავი – როგორ იქცევა მთელი მსოფლიო და ძალიან არ უნდა ავცდეთ იმ განწყობას, დამოკიდებულებას, რაც მსოფლიოშია რუსების მიმართ. თუ ძალიან ავცდებით, ცუდად გამოჩნდება. შეიძლება, ტექნიკურად არანაირი პრობლემა არ იყოს, მაგრამ ცუდად გამოჩნდება და შეიძლება, მეგობრებისთვის ახსნა-განმარტებები მოგვიწიოს. თუ გვინდა, რომ ამ რეჟიმში არ ჩავიყენოთ თავი, საკითხს ფრთხილად უნდა მივუდგეთ. არ ვამბობ, რომ ფრენები არ უნდა აღდგეს, რადგან არ მგონია, დამატებითი პრობლემა შეიქმნება იმით, რომ ვიღაც რუსი საქართველოში თვითმფრინავით ჩამოვა, თუ იქამდეც შეეძლო ველოსიპედით ან მანქანით შემოსულიყო. ჩვენი მხრიდან ხელისუფლების დონეზე არ უნდა იგრძნობოდეს კეთილგანწყობა და ეს გაგვიხარდა. ჩვენ არაფერი უნდა გავაკეთოთ აქტიურად – თუ რუსეთი მოხსნის სანქციებს, ეს იქნება მისი საქმე; თუ კერძო კომპანიები დაიწყებენ ფრენას, ეს იქნება მათი საქმე. სახელმწიფოს დონეზე ამის ხელშემწყობი და ინიციატორი არ უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ჰერმანს საბომ.