ჰერმან საბო - ოპოზიციონერი კოლეგები რომ შელაგდნენ პარლამენტში და უმრავლესობა ჰქონდეთ, დარწმუნებული ვარ, არავითარ დროებით მთავრობაზე აღარ იქნება საუბარი, ისე გადაინაწილებენ ფუნქციებს
„გირჩის“ წევრის, ჰერმან საბოს განცხადებით, გახარიას პარტიამ თავის დროზე სწორად გააკრიტიკა პრეზიდენტის „ქართული ქარტია“, თუმცა მოულოდნელად პოზიცია შეცვალა და ქარტიას ხელი მოაწერა.
ჰერმან საბოს თქმით, ქარტიის რამდენიმე მუხლი „გირჩისთვის“ მისაღებია, თუმცა ზოგიერთი ჩანაწერი გაუგებარია და მიაჩნიათ, რომ ქარტია არ პასუხობს მთავარ პრობლემას, რომელიც გულისხმობს ერთპიროვნულ მმართველობას.
„ალბათ ცუდია, მსხვილი გაერთიანებები რომ არ მოხდა. სჯობდა, ერთნაირი პარტიები ისევ ერთად ყოფილიყვნენ და ამომრჩეველი არ დაებნიათ, მაგრამ ჯერ კიდევ რამდენიმე დღეა დარჩენილი და შეიძლება ბოლო წამს რაღაცები ვიხილოთ. მაგალითად, დღეს გახარიამ ხელი მოაწერა ქარტიაზე. რატომ მოაწერა, კაცმა არ იცის. ხომ არ არის შანსი „ლელოსი“ და მათი გაერთიანების? თავის დროზე სწორად გააკრიტიკეს ქარტია „გახარიებმა“, ახლა უცებ შეიცვალეს პოზიცია ისე, რომ ახსნა არავის მოუსმენია. ერთადერთი ახსნა შეიძლება იყოს „ლელოსთან“ ისევ ცეკვის გაგრძელება.
ამ ქარტიის რამდენიმე მუხლი თავიდანვე მოგვწონდა: საარჩევნო ბარიერის დაწევა, ამნისტია და ა.შ. მაგრამ იქ წერია უამრავი ისეთი რამ, რაც გაუგებარია ან არ გვჯერა, რომ გამოვა. მაგალითად ის, რომ დროებითი მთავრობა იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები რომ შელაგდნენ პარლამენტში და უმრავლესობა ჰქონდეთ, არავითარ დროებით მთავრობაზე აღარ იქნება საუბარი, ისე გადაინაწილებენ ფუნქციებს.
ასევე, ეს ქარტია არ პასუხობს მთავარ პრობლემას, რომლის გამოც დღეს გვაქვს ივანიშვილის სიტუაცია და რომლის გამოც წინაზე გვქონდა სააკაშვილის სიტუაცია. ეს არის ერთპიროვნული მმართველობა. არ პასუხობს, როგორ მოახერხებს მომავალი მთავრობა ერთპიროვნული მმართველობის დასრულებას და ძალაუფლების კონცენტრაციის შემცირებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ მოვაწერეთ ხელი და გაგვიკვირდა კიდეც, რომ გახარიამ მოაწერა“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა.