ჰერმან საბო - „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული პარტიები თუ აქტიურად დაიწყებენ საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბებას, შემდეგ შეიძლება, ვისაუბროთ მესამე ცენტრზე
ჰერმან საბო - „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული პარტიები თუ აქტიურად დაიწყებენ საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბებას, შემდეგ შეიძლება, ვისაუბროთ მესამე ცენტრზე

ჯერჯერობით იმის შანსს, რომ რაღაც მესამე, დიდი გაერთიანება გაჩნდეს, ვერ ვხედავ. რა პროცესიც მიმდინარეობს, არის პროცესი იმისა, რომ გაზომონ, ვის რა ელექტორალური მხარდაჭერა აქვს, რათა მერე ამ ინფორმაციით ერთმანეთს ევაჭრონ, მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

მისი თქმით, მესამე ცენტრზე საუბარი დღევანდელი მოცემულობით შეუძლებელია.

„„Ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული პარტიები თუ აქტიურად დაიწყებენ საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბებას და რაღაც გაერთიანებაზე საუბარს, შემდეგ შეიძლება, ვისაუბროთ მესამე ცენტრზე, რომელმაც, შეიძლება, ეს პატარა პარტიები გააერთიანოს. ახლა რასაც ვხედავთ, ცდილობენ, დაადგინონ, ვის რა შეუძლია, რომ შემდეგ ევაჭრონ „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენ ჩვენი სიტყვა არ შეგვიცვლია, „გირჩი“ ისევ მარტო იქნება ბილეთში 36 ნომრად. არ ვაპირებთ ვინმესთან გაერთიანებას. პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ გვაქვს ღია სია და თუ ვინმეს არ უნდა დიდ პარტიებთან, დაქირავებულ პოლიტიკოსებთან ყოფნა, შეუძლია, მოვიდეს, მონაწილეობა მიიღოს შიდა პრაიმერიზში. ჩვენი მხარდამჭერები წერენ სიას და შეუძლიათ, ამ სიაში მოხვდნენ, მზა ინფრასტრუქტურა გვაქვს, რომ პარლამენტში მოხვდეს ადამიანი“, – განაცხადა საბომ.