ჰერმან საბო - „ნაციონალური მოძრაობა“ დაფუძნებულია ერთ ადამიანზე, როცა ის ადამიანი ქრება, ყველა ცდილობს, ახალი ფაშა გახდეს, მიშა იყო ფაშა, ერთპიროვნული ლიდერი
ჰერმან საბო - „ნაციონალური მოძრაობა“ დაფუძნებულია ერთ ადამიანზე, როცა ის ადამიანი ქრება, ყველა ცდილობს, ახალი ფაშა გახდეს, მიშა იყო ფაშა, ერთპიროვნული ლიდერი

მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები დასრულდება, ერთი ძალა მაინც დაასრულებს თანამშრომლობას დანარჩენ ორთან და, სავარაუდოდ, პარტია გაიყოფა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიაში ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს.

როგორც ჰერმან საბომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ დაფუძნებულია არა ღირებულებებზე, არამედ ერთ ადამიანზე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ სამი ძალაა – ხაბეიშვილი, მელია და ე.წ. შუაშისტები, ვისთვისაც ამოსავალი წერტილია მიხეილ სააკაშვილი და ისინი დამოუკიდებელ თამაშს არ ცდილობენ. მას შემდეგ, რაც არჩევნები დასრულდება, ერთი ძალა მაინც დაასრულებს თანამშრომლობას დანარჩენ ორთან და, სავარაუდოდ, პარტია გაიყოფა. ახლა მიმდინარეობს გარკვევა, პარტიის ადმინისტრაცია, ფული და სახელი ვის დარჩება. დღესავით ნათელია, რომ ისინი არჩევნების შემდეგ ერთად ყოფნას ვერ შეძლებენ, ეს დღესავით ნათელია. ახლა ძალთა გადანაწილება ისეთი არ არის, როგორიც ათი წლის წინ იყო, თუმცა ახალ კოალიციებს და ისეთი ადამიანების თანამშრომლობას ვხედავთ, რომლებიც ერთმანეთს კარგად არ მოიხსენიებდნენ. რასაც ახლა ვხედავთ, იმის პირდაპირი ანარეკლია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმართებოდა მიშას ქვეშ ცენტრალიზებულად და როცა ეს საყრდენი გამოეცალათ, გამოჩნდა, რამდენად არის ღირებულებითი სიცარიელე.

ახლა ვხედავთ ბრძოლას ძალაუფლებისთვის, ფორმალური ბერკეტებისთვის, როგორებიც არის თავმჯდომარეობა, ფულზე კონტროლი. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ეს პარტია არ არის დაფუძნებული ღირებულებებზე, დაფუძნებულია ერთ ადამიანზე. როცა ის ადამიანი ქრება, ყველა ცდილობს, ახალი ფაშა გახდეს. რა თქმა უნდა, მიშა იყო ფაშა. ფაშა რა, პარტიის ერთპიროვნული ლიდერი. შეგვიძლია, ამას ფაშაც დავუძახოთ, მეფეც და პარტიის ერთპიროვნული ლიდერიც. ვინც იბრძვის, მათ დამფინანსებლებს უნდათ, პარტიაში ის ფუნქცია ჰქონდეთ, რაც მიშას ჰქონდა და ამ პარტიის ერთპიროვნული განმკარგველი იყოს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.